მზად ხართ მომნუსხველ რიტმებთან შესახვედრად? იმედია კი, რადგან ამ ბლოგში საცეკვაო განწყობის შექმნის ნამდვილ დიდოსტატზე - Jungle-ზე უნდა მოგიყვეთ.
ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ეს პროექტი ლონდონში დაფუძნებულმა, Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებულმა მუსიკოსებმა, Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა, 2013 წელს შექმნეს. ერთი წლის შემდეგ გამოშვებულმა მათმა პირველივე სინგლმა Busy Earnin’ მსმენელის და კრიტიკოსების აღიარება მალევე დაიმსახურა. ტრეკი ჯერ პროექტის სადებიუტო ალბომში Jungle შევიდა და პრესტიჟული ბრიტანული ჯილდოს, Mercury Prize-ის ნომინანტი გახდა, შემდეგ კი პოპულარული თამაშების FIFA 15 და Forza Horizon 2-ის ოფიციალურ საუნდტრეკადაც იქცა.
2018 წელს, Jungle-მა მორიგი ალბომი, For Ever გამოსცა, რომელშიც ნეო-სოულის და R&B-ის ჟღერადობა კიდევ უფრო დიდი დოზით გვხვდება. ჩანაწერი მუსიკის კრიტიკოსების მხრიდან დადებითად შეფასდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პროექტი ელექტრონული მუსიკის ჩარჩოს გაცდა და ახალი სივრცეების აღმოჩენა დაიწყო. ალბომის მთავარი ჰიტი კომპოზიცია Casio გახდა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
2021 წელს მორიგი, რიგით მესამე ალბომის ჯერიც დადგა. Loving in Stereo ჯგუფმა საკუთარი დამოუკიდებელი პლატფორმის დახმარებით გამოსცა და მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებზეც უარი თქვა. იმავე წლის სექტემბერში, Jungle ტურნეში წავიდა და თავის მსმენელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეხვდა. პარალელურად კი Diplo და Damian Lazarus-თან ერთად, კომპოზიციაზე Don't Be Afraid იმუშავა.
2023 წელს, ბრიტანელი მუსიკოსების ჯერჯერობით უკანასკნელი სტუდიური ალბომი, Volcano გამოვიდა, სადაც Channel Tres, Bas და Erick the Architect-თან ერთად შექმნილ კომპოზიციებს ვხვდებით. ამ ჩანაწერში Jungle-მა გააგრძელა ის გზა, რომელიც Loving in Stereo-ში გამოიკვეთა, თუმცა უფრო მდიდრული მუსიკალური პალიტრით და ტექსტურით.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჯგუფის ვიდეოკლიპების ესთეტიკა, სადაც მუსიკასთან იდეალურად შერწყმულ, შთამბეჭდავ ქორეოგრაფიას ვხვდებით. ეს კიდევ უფრო მეტად მუხტავს მაყურებელს და დღევანდელ მრავალფეროვან მუსიკალურ ინდუსტრიაში Jungle-ს ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალური კუთხითაც გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდის.
საინტერესოა ისიც, რომ ჯგუფი სტაბილურად თანამშრომლობს ამსტერდამში დაფუძნებულ ვირტუოზ ქორეოგრაფ Shay Latukolan-თან, რომელიც, თავის მხრივ, Jungle-ის კლიპებში მუდმივად ერთიდაიგივე მოცეკვავეებს ათამაშებს, რაც მათ და ჯგუფის მუსიკოსებს ერთ დიდ ოჯახად აქცევს. დასანანია, რომ შეი და კომპანია ჯგუფს კონცერტებზე არ დაყვება, თუმცა ეს უკვე Jungle-ს ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცოცხალად შესრულებისას, აქცენტი მხოლოდ მუსიკაზე უნდა გაკეთდეს.
დაარსებიდან დღემდე, ჯგუფს აქტიურად მასპინძლობს მსოფლიოს ცნობილი ფესტივალები და საკონცერტო დარბაზები და წელს, ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველო და Black Sea Arena იქნება. ასე რომ მოინიშნეთ თქვენს კალენდარში 18 აგვისტო და არ გაუშვათ შანსი გახდეთ გრანდიოზული შოუს მონაწილე.