თანამედროვე სცენაზე ჯერ კიდევ გვხვდებიან ბენდები და შემსრულებლები, რომლებიც მუდმივად განვითარებადი მუსიკალური ჟღერადობის პარალელურად ახერხებენ ის ღირებულებები შეინარჩუნონ რისთვისაც მათი მოსმენა დავიწყეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ OneRepublic სწორედ ასეთებს შორისაა. ბენდის მელოდიური შემოქმედება სავსეა ისტორიებით სიყვარულზე, იმედსა და ადამიანურ ურთიერთობებზე. ამ ბლოგში გვინდა OneRepublic-ის მომხიბვლელ სამყაროში გამოგზაუროთ, გამოვიკვლიოთ ჯგუფის გზა პოპულარობის მწვერვალამდე და გავეცნოთ იმ საკულტო ჰიტებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
ბენდი 2002 წელს, კოლორადოში, ფრონტმენ რაიან ტედერის და გიტარისტ ზაკ ფილკინის ინიციატივით შეიქმნა, რომლებიც The Beatles, Peter Gabriel და U2-ს შემოქმედებით იყვნენ შთაგონებულნი. ახალგაზრდა მუსიკოსებმა თავიდანვე დაისახეს მიზნად პოპ-როკის ისტორიაში საკუთარი კვალი დაეტოვებინათ და თამამი ამბიციების განხორციელებისთვის, ენერგიულად დაიწყეს მზადება. ტედერის ქარიზმის, ტექსტების ლირიულობის, როკის, პოპის, ფოლკის და ელექტრონიკის სინთეზის წყალობით, ჯგუფმა მსმენელის და პროდუსერების ყურადღების ცენტრში მოქცევა მოახერხა და მალევე, ამ ურთულეს ინდუსტრიაში, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
პირველ დიდ წარმატებას ჯგუფმა 2006 წელს მიაღწია, როდესაც კომპოზიციამ Apologize ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და ფართო მსმენელის ყურადღება მიიქცია. სინგლის ნამდვილ ჰიტად ქცევაში მნიშვნელოვანი წვლილი ცნობილმა პროდიუსერმა Timbaland-მაც შეიტანა. მან სიმღერის პირველად ვერსიას R&B ჟღერადობა შესძინა, რამაც ჯგუფს გრემის ნომინაცია მოუტანა. თუმცა OneRepublic ამ მიღწევაზე გაჩერებას არ აპირებდა და მსმენელს ახალი ჰიტების გამოშვებით, ფაქტიურად ამოსუნქვის საშუალებას არ აძლევდა."Counting Stars", "Secrets" და "Good Life" ჩარტებს იპყრობდა და მუსიკალური არხების ეთებში მუდმივად დომინირებდა.
საგულისხმოა, რომ რაიან ტედერი საკუთარი ბენდის მიღმაც აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ცნობილ მომღერლებთან და მუსიკოსებთან. ჯერ კიდევ 2007 წელს, სანამ OneRepublic საყოველთაო წარმატებას მოიპოვებდა, მან ლეონა ლუისთან ერთად, ბრიტანეთში, წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა, Bleeding Love შექმნა. მოგვიანებით კი Beyoncé-თან ბევრისთვის საყვარელ ჰიტზე, Halo იმუშავა. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში მან Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და მსოფლიო მუსიკის ბევრ სხვა გიგანტთან ითანამშრომლა და 3 ჯერ გახდა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს, გრემის მფლობელი, ორჯერ ადელის და ერთხელ ტეილორ სვიფტის ალბომების შექმნაში მონაწილეობისთვის.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის საკონცერტო პერფორმანსები, რომლებსაც OneRepublic თავის მსმენელს სთავაზობს. სალონური კონცერტებით დაწყებული, გავსებული სპორტული მოედნებით დამთავრებული, ცოცხალი შესრულებისას, ჯგუფი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, რაც დიდწილად რაიან ტედერის ქარიზმის დამსახურებაა. ასე რომ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ 10 მაისს, Black Sea Arena-ზე შეკრებილ ადამიანებს, ნამდვილად ფანტასტიკური პერფორმანსი გველოდება, რომლისგან მიღებული დადებითი მუხტი, ყველას ძალიან დიდხანს გაგვყვება.
განვლილი გზა, სადებიუტო ალბომიდან Dreaming Out Loud, უკანასკნელ სტუდიურ ჩანაწერამდე Human, ძალიან კარგად ასახავს ჯგუფის მისწრაფებას შემოქმედებითი კვლევისკენ და ინოვაციური ჟღერადობისკენ. მთლიანობაში, OneRepublic-ის მუსიკა ჩამოყალიბდა, როგორც გლობალური მოვლენა, რომელიც მილიონობით ადამიანს შეეხო, მათ კრიტიკულ, თუ ამაღლებულ მომენტებში, რითიც წარუშლელი კვალი დატოვა მათ ცხოვრებაში. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნა. ეს იმ ოცნების ასრულებაა, რომელიც ოდესღაც, ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობ მუსიკოსებს, რაიან ტედერს და ზაკ ფილკინს ჰქონდათ.