შავ ზღვაზე ყოფნისას ზღვის ბინადრებთან შეხვედრა არც ისე მარტივი ამბავი გახლავთ, თუმცა დაკვირვებულ თვალს ნამდვილად არ გამოეპარება სანაპიროზე გამორიყული მედუზები ან დილით დელფინების ადრიანი სინქრონული ცურვა.
შავი ზღვის აუზი დაახლოებით 2500-მდე სახეობის ცოცხალ ორგანიზმს მოიცავს, რაც მის მასშტაბთან შედარებით მცირეა. ამის მთავარი მიზეზი გოგირდწყალბადი გახლავთ, რომელიც მკვიდრ ორგანიზმებს გადარჩენის შანსს არ უტოვებს. ასეთი პირობების მიუხედავად მრავალმა საინტერესო ცხოველმა მოახერხა, შეჰგუებოდა გარემოს და ჩვენი ზღვის ბიომრავალფეროვნების ნაწილი გამხდარიყო.
ახლა კი რამდენიმე, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან არსებაზე მოგიყვებით, რომლებიც შავი ზღვის ფაუნას განსაკუთრებულს ხდის:
ალბათ ზღვაზე ყოფნისას გაგჩენიათ კითხვა, რატომ არ გვხვდებიან შავ ზღვაზე ზვიგენები, რომლებიც ფილმებში ასე ხშირად ესხმიან თავს ზღვის სტუმრებს. ამ კითხვაზე პასუხად კი გეტყოდით, რომ გვყავს ქიცვიან ზვიგენი, რომელიც ჩვენს წინა ბლოგში უკვე ვახსენეთ. სხვა ზვიგენებთან შედარებით ის ბევრად პატარა და მშიშარაა, ამის გამო არ გვხვდება სანაპიროზე და თავისთვის ცხოვრობს ზღვის შუაგულში. მართალია, კატრანი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ წარმოვადგენთ მისთვის საფრთხეს. მისი ღვიძლისგან ერთ-ერთი ტკივილგამაყუჩებელი მზადდება, რაც კატრანი ნადირობას ახშირებს და, საბოლოოდ, შავი ზღვის მოწყვლად, მოსაფრთხილებელ ცხოველთა სიაში ამყოფებს.
ზღვის დრაკონი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში თევზია. ზოგადად, ამ თევზთან შეხვედრა არ მოგიწევთ ცურვისას, სანაპიროზე ყოფნისას ან იქვე თევზაობისას. მეორე მხრივ, ამ საშიშ თევზს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს და მისი ნაკბენიც ძალიან მტკივნეულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც მეზღვაურები შუა ზღვაში ამ თევზს ანკესს წამოაგებენ და ნემსკავიდან მოხსნისას მისი კუდი ერჭობათ. მყვინთავებს, მკვლევრებსა და მეთევზეებს ხშირად მოუწოდებენ, რომ შიშველი ხელებით არ იმუშაონ, რადგან ზღვის დრაკონის ნაკბენისგან თავის დაცვა არც ისე მარტივია, თუ ყურადღებით არ იქნებით.
ატლანტური ზუთხი ქართულ წითელ წიგნში უკვე დიდი ხანია, შეტანილია და ერთ-ერთ ყველაზე მოსაფრთხილებელ სახეობად მიიჩნევა. ეს უიშვიათესი სახეობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩა, თუმცა პერიოდულად ჩვენი მეზობელი ქვეყნების აუზშიც გამოჩნდება ხოლმე.
თევზების გარდა ჩვენს ზღვაში ძუძუმწოვრებიც ცხოვრობენ. ორი სახეობის დელფინის გარდა ზღვის ღორი და თეთრმუცელა სელაპი შავი ზღვის მკვიდრნი არიან. მეოცე საუკუნეში შავ ზღვაში დაახლოებით 10 000 ტონა ძუძუმწოვარი დაიჭირეს. მართალია, 1966 წლის შემდეგ ძუძუმწოვრებზე ნადირობა აიკრძალა, თუმცა ბრაკონიერები მაინც განაგრძობდნენ ამის მიუხედავად საქმიანობას.
ბლოგის ბოლოს გვინდა, ხაზი გავუსვათ მედუზებს, რომლებიც შავი ზღვის ბიომასის უმეტეს ნაწილს იკავებენ. მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნებისა, ჩვენს ზღვაში არ გვხვდება სახეობათა მრავალფეროვნება. აქ, ძირითადად, ორი სახეობის მედუზა ცხოვრობს. სანაპირო ზოლის ახლოს აურელია (Aurelia aurita) ან კოჟოტი (Rhizostoma pulmo) შეიძლება შეგხვდეთ. აურელია უვნებელია, ხოლო კოჟოტი ისუსხება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჭინჭრის სუსხი უფრო მტკივნეული შეიძლება იყოს, ვიდრე კოჟოტის.
31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღის მიზანი შავი ზღვის პრობლემების აქტუალობის წარმოჩენაა. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის სამყაროს ცხოველებისთვის ეს პრობლემები განსაკუთრებით მძვინვარებს, რადგან ბრაკონიერებისა და სხვადასხვა დაბინძურების გამო ჩვენი მეგობრებისთვის სიცოცხლის გაგრძელება ხანდახან შეუძლებელია. ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებით, ზღვის სანაპიროს არ დაბინძურებით და წყლის სისუფთავის დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის ერთად მოგვარებას.