სულ მალე, 31 მაისს ლეგენდარული Scorpions საქართველოში დაბრუნდება და მათი შემოქმედების 60 წლიან ისტორიას გაგვიზიარებს. თუმცა, სანამ ამ შთამბეჭდავი მოვლენის მონაწილენი გავხდებით, მოდით გავიხსენოთ, როგორ მოხვდა როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მეამბოხე სულის მქონე ჯგუფი, გერმანიის ერთი ჩვეულებრივი ქალაქის მცირე სცენიდან, მსოფლიო როკის ტრიუმფალურ მწვერვალამდე...
1965 წელი როკ მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა, რადგან სწორედ ამ დროს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში Scorpions შეიქმნა, ატლანტიკის ოკეანის მიღმა The Doors, ნისლიან ალბიონზე კი Pink Floyd. მალე ეს ბენდები დიდ წარმატებას მიაღწევენ და თითოეული მათგანი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შთაგონების წყარო გახდება, თუმცა დროის ქარტეხილებს მხოლოდ Scorpions გაუძლებს, რომელიც 60 წლის შემდეგაც კი თითქმის უცვლელი შემადგენლობით ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელს აჯადოებს.
Scorpions-ის შემოქმედება უდაოდ სცილდება ენისა და კულტურის საზღვრებს. ამის დასტური მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული 120 მილიონზე მეტი ალბომი და 5000-ზე მეტი შთამბეჭდავი ლაივ შოუა, რომლებმაც როკ მუსიკის ისტორიის არაერთი ფურცელი დაწერა.
ყველა დროის ყველაზე ცნობილმა გერმანულმა როკ ჯგუფმა თავისი უკვდავი ჰიტებითა და ბალადებით, "Wind of Change", "Rock You Like a Hurricane", "Still Loving You", "Send Me an Angel", "Big City Nights" და სხვა მრავალი კომპოზიციით, არაერთი თაობის მელომანი გაზარდა და აუდიტორიას არა მხოლოდ ეს ბენდი, არამედ მთლიანად როკ მუსიკა შეაყვარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის სიმღერებმა დიდი გავლენა იქონია 80-იანი წლების როკ ბენდების შემოქმედებაზე, მათ შორის: Guns N' Roses, Metallica და ბევრი სხვა. მათი კომპოზიციების ქავერ ვერსიები კი Green Day-ს, Korn-ს, System Of A Down-ს და სხვა პოპულარულ ბენდებს არაერთხელ შეუსრულებიათ. მხოლოდ “Rock You Like A Hurricane”-ს 150-ზე მეტი ქავერ ვერსია არსებობს.
Scorpions-ის მუსიკის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მძიმე როკის, მეტალისა და მელოდიური ბალადების იდეალურად შერწყმის ხელოვნებაა, რაც მსმენელში ძლიერ ემოციებს და ადრენალინით გაჟღენთილ მღელვარებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს თავისი ძირითადი მუსიკალური ხაზისთვის არასდროს უღალატია, მისი შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით. წლების განმავლობაში, Scorpions-ის რეპერტუარში გვხვდება საორკესტრო არანჟირებები, აკუსტიკური ინსტრუმენტები და სინთეზატორები. მუსიკის კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ სწორედ ამ თამამი ნაბიჯების წყალობით ინარჩუნებს ბენდი პოპულარობას 21-ე საუკუნეში, ახალგაზრდა მსმენელთა შორის.
შეუძლებელია ჟრუანტელი არ მოგგვაროს Klaus Meine-ს შთამბეჭდავმა ვოკალმა, Rudolf Schenker-ის, Matthias Jabs-ის, Pawel Maciwoda-ის ვირტოზულმა შესრულებამ და Mikkey Dee-ს მძლავრმა დასარტყამმა ინსტრუმენტმა. ჯგუფის წევრებმა ყოველთვის კარგად იციან რას ელოდება მათგან მსმენელი, ამიტომ 31 მაისს, Black Sea Arena-ს სცენაზე გარანტირებულად მოვისმენთ ჰიტებს, რომლებსაც აქტუალობა არასდროს დაუკარგავს და მთავარ გამოცდას - დროს გაუძლო!
მოკლედ რომ ვთქვათ, წინ ნამდვილად შთაბეჭდილებებით სავსე, ემოციური საღამო გველოდება. ასე რომ #აყევითვარსკვლავებს და მოემზადეთ ნამდვილი როკის 60 წლიანი ისტორიის გასაზიარებლად.