ბუნებრივია, ყველა ვთანხმდებით, რომ კონცერტებსა და ფესტივალებზე, პირველ რიგში, მუსიკის მოსასმენად, დადებითი ემოციების და შთაბეჭდილებების შესაქმნელად დავდივართ, თუმცა მიუხედავად ამისა, მოდით ვაღიაროთ, რომ ამგვარ თავშეყრის ადგილებში მოხვედრისას, თითოეულ ჩვენგანს, გარკვეული პასუხისმგებლობაც გვეკისრება. ყველამ ვიცით, რომ თავშეყრის ადგილებში უამრავი ნარჩენი წარმოიშობა, რაც რეალურად, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს და ის ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაშია.
ჩვენ, "Starring Georgia"-ს გუნდს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელსაც, ისევე როგორც შარშან, მიზნად გვაქვს დასახული ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილება შევქმნათ. რეალური შედეგის მისაღებად კი ამ საქმეში თქვენი აქტიურად ჩართვაა აუცილებელი. როგორც უკვე ხვდებით, ამ ბლოგში თქვენი ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან თემაზე გვინდა გავამახვილოთ, როგორიც ნარჩენების მართვაა და გესაუბროთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც კონცერტების დროს, გარემოს დაცვისკენ იქნება მიმართული.
მოდით, პირველ რიგში, საკვების ნარჩენებს შევეხოთ. თუ მოხმარების შემდეგ, მათ ერთად მოვუყრით თავს და ურნებში მოვათავსებთ, ჩვენს საერთო სახლს, პლანეტა დედამიწას ნამდვილად კეთილ საქმეს გავუკეთებთ. დანარჩენს უკვე შესაბამისი სამსახურები მიხედავენ, მთავარია ჩვენ ურნებამდე სწორად მივიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო, მომცრო მოცულობის ნარჩენებიც კი, როგორიც სიგარეტის ნამწვი, პოლიეთილენის პარკი, ან შოკოლადის შესაფუთი ქაღალდია, კოლოსალურ ზიანს აყენებს პლანეტის ეკოსისტემას. მითუმეტეს მაშინ, როცა დაბინძურება მასიურად, ერთ კონკრეტულ ადგილას ხდება, შედეგი შეიძლება ძალიან სავალალო იყოს.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პლასტმასას ნაწარმის ნარჩენები, ერთჯერადი ჭიქები და ბოთლები, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, კონცერტებზე ვერ ავცდებით. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლების მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ და გამოსავალსაც განსაკუთრებულს გთავაზობთ.
ერთ კონცერტზე საშუალოდ 40 000-მდე პლასტმასის ნარჩენი გროვდება, რაც ჩვენი პლანეტისთვის დიდი ზიანის მომტანია.
ჩვენს პლანეტაზე ზრუნვისთვის გასულ წელს ტენეს დავუმეგობრდით და ამ მეგობრობის ფარგლებში 2023 წლის სეზონზე კონცერტების ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ ურნებში პლასტმასა შევაგროვეთ. რა თქმა უნდა, Starring Georgian-ს და ტენეს მეგობრობა წელსაც გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჩართულობით, შარშანდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ. Starring Georgia-ს კონცერტებზე დამატებით ნახავთ ტენეს სტენდს, სადაც შეძლებთ მობილური ტელეფონის დატენვას.
დამატებით წელს Starring Georgia-ს კონცერტებზე მრავალჯერადი გამოყენების ჭიქები დაგხვდებათ, რომელიც ჩვენს გენერალურ სპონსორთან თიბისისთან ერთად დავამზადეთ. გარდა იმისა, რომ ასეთი ჭიქები ჩვენი პლანეტისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ერთჯერადი გამოყენების (გადამუშავებადია და მრავალჯერადად გამოსაყენებელი, რადგან ხდება მისი სპეციალურ ურნებში განთავსება და მერე ქიმიურად რეცხვა ხელახლა გამოყენებისთვის) ის თქვენთვისაც სარგებლიანი იქნება, რადგან თუ ღონისძიებებზე განთავსებულ ბარებში ამ ჭიქით მიხვალთ სპეციალურად თქვენთვის სასმელზე ფასდაკლება იმოქმედებს.
ასე რომ როდესაც წყალს, ან სხვა სითხეს მოიხმართ, ძალიან გთხოვთ, ნარჩენები სპეციალურ ურნებში მოათავსოთ, რომლებსაც ტერიტორიაზე უხვად დაგახვედრებთ.
ასეთი ქმედებით ეფექტურად დავიცავთ გარემოს და პლანეტის მწვანე საფარს სერიოზული დაბინძურებისგან. გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის მცირე ნაბიჯებით, მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ჩვენი ზემოქმედება გარემოზე, რაც დედამიწის ეკოსისტემის შენარჩუნებაზე პოზიტიურად აისახება.
გისურვებთ ეკომეგობრულ გართობას. შევხვდებით შეკვეთილში.