“საათნახევარში ჩატეული ყველა ემოცია, რისთვისაც Starring Georgia არსებობს - ერთხმად ამღერებული 10 000 ადამიანი, ათასობით უცნობი მელომანის გაზიარებული საერთო ენერგია, ყველა თაობისთვის საყვარელი სიმღერები და მათ ფონზე აფრიალებული საქართველოს დროშა”
Scorpions-ის ლაივის შემდეგ Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ეს პოსტი არა მხოლოდ კონკრეტულ მუსიკალურ ღონისძიებას, არამედ Starring Georgia-ის მთლიან სულისკვეთებასაც იდეალურად აჯამებს.
დიდი მოლოდინების, შეკითხვების თუ ეჭვების თანხლებით დაწყებულმა მუსიკალური ღონისძიებების სერიამ Starring Georgia თავისი პირველი გამოცდა უკვე ჩააბარა და წელს უფრო დიდი გამოწვევებისთვის ემზადება.
“პირველ რიგში ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის, თუ რატომ აშენდა თავის დროზე Black Sea Arena - იქ, სადაც ის ახლა დგას”
Starring Georgia-ს პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი აღნიშნავს, რომ მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შეკვეთილში 2016 წელს გაიხსნა, გურიის ტურისტული ლანდშაფტის მთავარ სიმბოლოდ იქცა.
“როდესაც ყოველწლიურად ვხედავთ მის ირგვლივ როგორ იცვლება გარემო, როგორ ემატება სასტუმროები და ვითარდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ არ გავჩერდეთ.”
ორი წლის წინ, როდესაც პროექტი დაანონსდა, მისი მასშტაბი უპრეცედენტო ჩანდა - ორგანიზატორები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ ინიციატივით საქართველო “მთავარ როლში” უნდა აღმოჩენილიყო - ანუ იმ პოზიციაში, სადაც მის მიმართ ინტერესი მუდმივი და განახლებადი იქნებოდა. მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა, თავიდანვე Starring Georgia-ს მთავარი ლოკომოტივი იყო და ამ ენამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურის, ასაკის, გემოვნების თუ ინტერესების მქონე ადამიანები გააერთიანა.
“2 წლიანი მასშტაბური მუსიკალური კამპანიის ფარგლებში 8 ღონისძიება 5 ლოკაციაზე გაიმართა, რომელსაც ჯამში 125 000-მდე მელომანი სტუმრობდა. მათ შორის იყო 18 750 ტურისტი, რომელმაც ქვეყანაში 60 მლნ ლარი დახარჯა. ეს ის შემოსავალია, რომელიც მომიჯნავე სექტორებმა და იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს.”
მუსიკის და ზოგადად ხელოვნების ძალა ხშირად რიცხვებში არ გამოიხატება, მაგრამ Starring Georgia-ს მთავარი სპეციფიკაც ის არის, რომ აქ მუსიკა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების წყარო არ არის. მუსიკა ამ შემთხვევაში იქცა არა მხოლოდ კულტურული, არამედ სოციალური და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ეკონომიკური პროცესების ქვაკუთხედად, რომელიც პირველ რიგში გურიის რეგიონის და შემდეგ მთელი საქართველოსთვის ახალი რეალობის შექმნას ითვალისწინებს.
“ადრე, ამ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები შედარებით შეზღუდული იყო და თავის სრულ პოტენციალს ვერ ავლენდა. Black Sea Arena- მ და იმ ეკოსისტემამ, რომელიც მის ირგვლივ შეიქმნა, ეს რეალობა შეცვალა”
ციცი იხსენებს, რომ Black Sea Arena- ს მიერ დაორგანიზებული კულტურული ღონისძიებები ბევრი ახალგაზრდისთვის პირველი ბიძგი იყო, რომ ამ რეგიონში ჩამოსულიყვნენ და ახალი გამოცდილებები მიეღოთ.
“შესაბამისად შეიცვალა გარემოც, გაჩნდა ახალი ტიპის სასტუმროები, რაც ამ პროცესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”
Aerosmith, Christina Aguilera, Ennio Morricone, Scorpions, Black Eyed Peas, Jessie J - ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, ვინც შეკვეთილში ახალი მუხტი შემოიტანა და კიდევ ერთხელ შექმნა პრეცედენტი, რომელიც ქვეყნის კულტურული ცხოვრების დეცენტრალიზების იდეას გულისხმობს.
მოგვიანებით ეს იდეა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა მუსიკოსთა პარკის და სოციალური სივრცის დამსახურებით, რითაც Black Sea Arena-მ კიდევ ერთხელ წაახალისა ხელოვნების და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების იდეა. მუსიკალური თუ სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ღონისძიებების დახმარებით, თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ შეკვეთილი და მთლიანად გურია საკუთარ თავს ტურისტულ რუკაზე უფრო და უფრო მკაფიოდ ინიშნავდა.
ბუნებრივია ცალკეული არტისტების და პოპულარული მუსიკოსების ვიზიტი გარკვეულ იმპულსს ქმნის, მაგრამ იმისთვის, რომ განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდეს, ერთეული შემთხვევები საკმარისი არასდროს არის. Starring Georgia-ს პროექტიც სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხად შეიძლება მივიღოთ:
“გასული სეზონის საპილოტე ვერსია, რომელსაც ერქვა “უქმეები შავ ზღვაზე” ზუსტად იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ აქ ჩამოსული ათასობით ადამიანისთვის შეგვეთავაზებინა უფრო მეტი, ვიდრე ერთ დღიანი მუსიკალური ღონისძიება”
ამ მიდგომამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა პროექტი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ვისთვისაც პროცესის განგრძობითი ხასიათი და სტაბილური გარემო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სახელმწიფოს მხარდაჭერის პარალელურად, ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათმა ინვესტიციამ Starring Georgia-ში 4 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა. სხვადასხვა კომპანიების თანამონაწილეობამ, დამატებითი კომფორტი და სრულიად ახალი გამოცდილება შეუქმნა ღონისძიებების მონაწილეებს.
სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლების განცხადებით Black Sea Arena- ს ღონისძიებებს მათი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა Starring Georgia-ს ღონისძიებები გასცდა ზაფხულის აქტიურ სეზონს და მოცვა როგორც გაზაფხული, ისე შემოდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ინიციატივამ პროექტი მთელს საქართველოზე გაანაწილა და მათ შორის ქვეყნის ორი მთავარი სპორტული არენაც მოიცვა, წამითაც არ შემცირებულა გურიის, როგორც პროცესის მთავარი კატალიზატორის როლი. “უქმეები შავ ზღვაზეს” კონცეპტი ფაქტობრივად ახალი ინსპირაცია გახდა 2025 წლის სეზონისთვის, რომლის მთავარი სლოგანიც ასე ჟღერს - “გურია მთავარ როლში”.
“ვიცით თუ რამდენად დიდი ეფექტი აქვს შეკვეთილში 10 000 ადამიანის ერთ კონცერტზე ჩამოსვლას, მაგრამ ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მეტიც შეგვიძლია და შეგვიძლია ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ გურიის რეგიონი”
სწორედ ამ ამბიციის დანიშნულების წერტილია ციცინათელების პარკი, რომელიც ახალი სეზონიდან დიდი მიზიდულობის წერტილი გახდება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.
“გვინდა, რომ ციცინათელას პარკის მიმდებარე ტერიტორია ახალ ვენიუდ ვაქციოთ, რომელიც შესაძლებელს გახდის 10 000- ზე ბევრად მეტ მელომანს ვუმასპინძლოთ”
ბუნებრივია, რომ ამ რიცხვების ზრდას თავისი წინაპირობაც სჭირდება - მუსიკოსები და ბენდები, რომელთაც შეუძლია ყველა თაობის გაერთიანება და ერთ სივრცეში მოქცევა. Black Sea Arena-ს გუნდი გვპირდება, რომ ამ კუთხით ნამდვილად ხმაურიან გადაწყვეტილებებს მიიღებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს Starring Georgia-ს შესაძლებლობებს.
ამ შესაძლებლობების განვითარებაში განსაკუთრებული როლი ექნებათ ადგილობრივ სტარტაპერებს და იმ ადამიანებს, ვინც სერვისის სფეროში არიან ჩართულები. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, ახალი ცვლილებების ქარი შეკვეთილში, ნატანებში, ოზურგეთსა და გურიის სხვა საკვანძო წერტილებში გაიფანტოს.
“გურია მთავარ როლში” გულისხმობს გურიის ტერიტორიაზე ტურისტების მოზიდვას და შემდეგ რეგიონის სიღრმეებში მათთვის იმ გამოცდილებების შეთავაზებას, რომელიც საშუალებას მისცემთ,რომ ეს რეგიონი ახლებურად გაიცნონ”
ციცი იაშვილი ხაზს უსვამს ამ პროცესში ადგილობრივების როლს, რადგან ამ პროექტის რეალური მასპინძლები სწორედ ისინი იქნებიან - თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ინოვაციური იდეებით და სტარტაპული წამოწყებებით.
“იქ სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება, უძველესი კულტურა კი თანამედროვეობას ერწყმის მდებარეობს ქვეყანა, საქართველო - განთქმული თვალწარმტაცი პეიზაჟებით და ულამაზესი კუთხეებით, რომლებიც შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გთავაზობთ.”
პროექტის ვებგვერდი, StarringGeorgia.ge სწორედ ამ ტექსტით გვეგებება და ეს შემთხვევითი არ არის. მოგზაურობა, რომლის ძირითადი შინაარსი მუსიკის ირგვლივ ერთიანდებოდა, წელს ახალ განზომილებებს შეიძენს და ვიზიტორს სხვა თვალით დაანახებს იმას, რაც წლებია აღმოჩენას ელოდება. როგორ პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ ახალი ვებგვერდის “უმთავრესი მიზანი იყო შექმნილიყო პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს, მიეცემოდა საშუალება უმარტივესად, სულ რამდენიმე დაწკაპუნების შედეგად მიეღო ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული გასართობი, შემეცნებითი და სათავგადასავლო აქტივობების შესახებ.”
შესაბამისად, როდესაც ადამიანი საიტზე კონცერტის ბილეთის შესაძენად შევა, მას იქვე დახვდება ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხი - სად დარჩეს? როგორ იმოგზაუროს? რა ახალი გამოცდილებები მიიღოს და ასე შემდეგ. Starring Georgia-ს ახალი სეზონის პირველი კონცერტის 6 თვით ადრე დაანონსება კი საშუალებას იძლევა, რომ სეზონისთვის ყველა თანაბრად მომზადებული იყოს, როგორც ტურისტი, ასევე რეგიონში საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა.
ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი ღონისძიების დაანონსება იქნება ბიძგი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალი შესაძლებლობების და თავგადასავლების სივრცეში შევაბიჯოთ. Black Sea Arena კი რჩება იმ მთავარ ფაქტორად, რომელმაც თავის ორბიტაზე უნდა მოიზიდოს ახალი შესაძლებლობები და რესურსები, რომელიც გურიის რეგიონს საკუთარი თავის საუკეთესოდ გამოხატვაში შეუწყობს ხელს.