თუ ქართული, ხალხური ცეკვისა და მუსიკის მოყვარული ხარ, არ დაგავიწყდეს კალენდარში 24 აგვისტო ახლავე მოინიშნო!
ეს სწორედ ის თარიღია, როცა შეკვეთილში, Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენაზე, ქართულ ეროვნულ ფოლკლორს, კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი - „ერისიონი“ გააცოცხლებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანსამბლს სახელი „ერისიონი“ ოფიციალურად მხოლოდ 1999 წელს დაერქვა, ის ჯერ კიდევ 1885 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მოღვაწეობის უკვე მესამე საკუნეში შეაბიჯა. საგულისხმოა, რომ არსებობის 140 წლიანი ისტორიის განმავლობაში, „ერისიონი“, თავისი დახვეწილი შემოქმედებითა და შოუ-პროგრამებით, ქართულ კულტურას და ტრადიციებს, ქართველთან ერთად, უცხოელ მაყურებელსაც აქტიურად აცნობს.
დიახ, „ერისიონს“ იცნობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სხვათა შორის კოსმოსშიც კი. არა, არ მოგესმათ. აღსანიშნავია, რომ 1977 წელს NASA-ს მიერ კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ ერისიონის წევრების მიერ არის შესრულებული. ანსამბლი მუდმივად სასურველი სტუმარია მრავალი საერთაშორისო სცენისა და საკონცერტო დარბაზისთვის. უკვე საუკუნეზე მეტია, ქართული ცეკვისა და სიმღერის ოსტატები თავიანთი ავთენტური შესრულებით ისეთი დიდი ქალაქების მაყურებელს აოცებენ, როგორებიცაა პარიზი, ჟენევა, ბრიუსელი, ნიუ იორკი და მრავალი სხვა.
რაც შეეხება 21-ე საუკუნეს და უახლეს მიღწევებს, „ერისიონის“ შოუ „ლეგენდა თამარზე“ აშშ-ში, 2000 წელს, სრული ტრიუმფით ჩატარდა. 2001-დან 2007 წლამდე კი პროგრამა „Georgian Legend”, ამერიკელ პროდუსერ ჯონ ლოოსთან თანამშრომლობის შედეგად, აქტიურად იმართებოდა საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში და წარმატებით აგრძელებდა მრავალრიცხოვანი მაყურებლის გულის დაპყრობას. სხვათა შორის, ყველასათვის საყვარელი და კარგად ცნობილი სიმღერა „შატილის ასულო“, სწორედ ამ შოუს შემადგენელი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ „ერისიონის“ კონცერტები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გასართობი პროგრამა. ფოლკლორის ღონისძიებების გამორჩეული ნაწილია ტრადიციული ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და მსმენელს ქართულ უნიკალურ ხასიათსა და ბუნებას აცნობს. „ერისიონი“ ყოველთვის განსაკუთრებულად ახერხებს დამსწრე უცხოელი მაყურებელი ვირტუალურად ამოგზაუროს საქართველოში და ჭეშამრიტ ქართულ სულს აზიაროს, რასაც უცხოური მედიის გამოხმაურებაც მუდმივად მოწმობს. „ერისიონოს“ შესახებ არაერთი დადებითი რეცენზიაა გამოქვეყნებული ისეთ ცნობილ მედია საშუალებებში, როგორებიცაა „New Your Post” და „Los Angeles Times”.
ასე რომ არ გაუშვა ეს უნიკალური შანსი. მოდი 24 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე, სადაც ნამდვილი ფანტასტიკური სანახაობა გაიმართება. ეს ატმოსფერო იმდენად იდეალურია, რომ დარწმუნებული ვარ, კონცერტის მსვლელობისას, ცეკვაში ჩართვის სურვილი, თავადაც გაგიჩნდება, რადგან როცა საქმე „ერისიონს“ ეხება, სხვანაირად პრაქტიკულად შეუძლებელია!