ერთ-ერთი ასეთია კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე. სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მდებარეობს.
შეკვეთილის ისტორია მოკლედ: შეკვეთილი XVIII საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. 1723 წლიდან შეკვეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა. 1812 წლიდან შეკვეთილი რუსეთის იმპერიის გამგებლობაში მოექცა. სწორედ მის შემდეგ იწყებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვარი. ყირიმის ომის დროს, 1853 წლის 15 ოქტომბერს, წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი დაესხა თავს. ამ ბრძოლის შემდეგ შეკვეთილის ციხეში რუსეთის ჯარი ჩადგა. ციხე 1920-იან წლებში დაანგრიეს და მისი ქვებით ფაბრიკა ააშენეს ქვემო ნატანებში.
დღესდღეობით, შეკვეთილი ერთ-ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული და დამსვენებლებისთვის საყვარელი კურორტია შავი ზღვის პირეთში. აქ საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, მუსიკოსთა პარკი, მინიატურების პარკი, გასართობი პარკი ციცინათელა და დენდროლოგიური პარკი მდებარეობს.
Black Sea Arena საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად, 2016 წელს Christina Aguliera-ს კონცერტით გაიხსნა.
Black Sea Arena - ს გვერდით მუსიკოსთა პარკი დაგხვდებათ - ევკალიპტების სურნელით გაჟღენთილი სასეირნო ბილიკებითა და სხვადასხვა ინტერაქციული ზონებით, რომელთაც სეზონზე 70 000- მდე ვიზიტორი სტუმრობს. მუსიკოსთა პარკი გამორჩეულია იმით, რომ მის სივრცეში განთავსებულია მომღერლებისა და კომპოზიტორების სკულპტურები, რომელთან მიახლოებისას მათი სიმღერები ისმის. აქვე შეხვდებით ხეში გამოკვეთილ ფიგურებს, რომლებიც პარკშივე არსებული იმ ხეებისგან შეიქმნა, რომლებიც სხვადასხვა წლების მანძილზე დაზიანდა.
ევკალიპტების ხეივანში სეირნობის შემდეგ ჯადოსნურ გარემოში აღმოჩნდებით, რომელიც ადამიანების და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს - ეს სოციალური სივრცეა, ადგილი, მათთვის ვისთვისაც აღმოჩენები არასოდეს სრულდება.
ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ეკომეგობრული სივრცე მოგზაურობის პირველი წუთიდან თავს მის ნაწილად გაგრძნობინებთ და სხვა ადამიანებსა, თუ ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ. სოციალური სივრცის მისიაც სწორედ ეს არის ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით, გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. “სოციალურ სივრცეში” დღის მანძილზე შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით თუ გამაჯანსაღებელ აქტივობებში, მიირთვათ აზიური სამზარეულოს გამორჩეული კერძები, დააგემოვნოთ საავტორო კოქტეილები, საღამოს კი რეზიდენტი არტისტები სივრცის გარემოსთვის შექმნილ მუსიკალურ სელექციებს შემოგთავაზებენ.
საბოლოო ჯამში Black Sea Arena, მუსიკოსთა პარკი და სოციალური სივრცე ერთად ქმნიან ერთიან ეკოსისტემას, რომელიც რეგიონში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს და მისი განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცევა. ამაზე მეტყველებს შეკვეთილში გაზრდილი საოჯახო თუ ბრენდირებული სასტუმროების რაოდენობა და დამსვენებელთა რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო იმატებს. თითო კონცერტზე შეკვეთილის სტუმრების რაოდენობა, საშუალოდ, 10 000 ადამიანამდე აღწევს. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, კურორტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.