ვაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო ამბების მოყოლას შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში. ამ ბლოგში ვაპირებთ ზღვის ფერად სანაპიროებს ან მზიან ჰორიზონტს კი არა, არამედ მის სიღრმეში დალექილ ისტორიებს შევეხოთ. დაინტერესებულხართ ოდესმე, რამდენ საიდუმლოსა და გამქრალ სიცოცხლეს მალავს ზღვის ფსკერი? თუ კი, მაშინ კარგად მოკალათდით თქვენს გაჯეტებთან და დავიწყოთ:
ყველაზე საინტერესო შავი ზღვის ფსკერზე დალექილი სიმდიდრეებიდან უდავოდ არის დიოსკურია. ქალაქი, რომლის მდებარეობაც ყველა მეცნიერს აინტერესებს და ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დიდ საიდუმლოდ. მას ზოგი მეცნიერი ხმელეთზე ეძებს, ზოგი კი - წყალში. თუმცა ფაქტი ერთია, იგი ნამდვილად არსებობდა და ამას სიმონ ჯანაშიას მუზეუმში დაცული მონეტებიც ადასტურებს, რომლებიც დიოსკურიაშია მოჭრილი.
ეს ნახევრად მითოლოგიური ქალაქი ჯერ კიდევ ბერძნულ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, რომლებშიც ნათქვამია, რომ ქალაქი ბერძნებმა დააარსეს. ვარაუდობენ, რომ სახელი ტყუპი ძმების, დიოსკურების, ანუ ზევსის ვაჟების - პოლიდევკესა და კასტორისგან მომდინარეობს. დიოსკურია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთავარი სავაჭრო სისტემის ერთ-ერთ ცენტრსა და პონტოს კოლხეთის ადმინისტრაციის სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა, მეცნიერების აზრით, იგი ძველი წელთაღრიცხვის მე-4-5 საუკუნეებში უკვე არსებობდა.
სოხუმის სანაპიროზე ბევრი სიანტერესო არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, რაც ამ ქალაქის არსებობას ადასტურებს. ზამთრის პერიოდში კი, როდესაც ზღვა მთლიანად იწმინდება, დღემდე ჩანს პორტის ფსკერზე აზიდული თოთხმეტი ბერძნული კოლონა.
„არმენია ნაპოვნია“- 2020 წელს, 79-წლიანი ძებნის შემდეგ ოკეანეოლოგებმა ბოლოს და ბოლოს წარმოთქვეს ეს ნანატრი წინადადება. გემი 1941 წლის ნოემბერში გერმანიის ავიაციის დაბომბვის შედეგად ჩაიძირა და მის ბორტზე, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 10 ათასამდე ლტოლვილი და დაჭრილი იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ „არმენიას“ დაღუპვა, ტიტანიკის შემდეგ, ზღვაოსნობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრაგედიად არის შეფასებული.
მის აღმოსაჩენად მრავალი წლის განმავლობაში მაძიებლები ზღვის ფსკერს იკვლევდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ერთ-ერთ ოპერაციაში ცნობილი ამერიკელი ოკეანოლოგი რობერტ ბალარდიც მონაწილეობდა, რომელმაც 1985 წელს "ტიტანიკი" იპოვა. მიუხედავად ასეთი მსოფლიო მასშტაბის ჩართულობისა, გემი ვერა და ვერ იპოვეს, რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა მითის წარმოშობას. ამბობდნენ, თითქოსდა „არმენიას“ ბორტზე ხალხი კი არა, ძალიან ძვირფასი ტვირთი იყო და მრავალი სხვა. არავინ იცის, მართალი იყო თუ არა ეს ჭორები. ფაქტი ერთია, ოკეანეოლოგების თქმით, გემის პოვნის მთავარი სიძნელე ის იყო, რომ იგი დიდ სიღრმეზე ჩაძირულა და რადგან წყალი გოგირდწყალბადითაა გაჯერებული შეიძლება რამდენიმე მეტრზე მიახლოებოდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაენახათ.
იცოდით, რომ მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემი შავ ზღვაში აღმოაჩინეს? დიახ, არ მოგესმათ გემი, რომელიც 2400 წლით თარიღდება და მეცნიერების ვარაუდით ძველ ბერძნებს ეკუთვნოდათ, 2018 წელს, ბულგარეთის სანაპიროებთან იპოვეს. ჩატარებულმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ ის კაცობრიობისთვის ცნობილი უძველესი ჩაძირული გემია და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ძველ ბერძნულ ლარნაკებზე გამოსახულ ხომალდებს.
ეს მხოლოდ მცირედი და ყველაზე საინტერესო ისტორიებია მათგან, რასაც შავი ზღვის სიღრმეები იტევს და მათ გარდა მასში 60- მდე ჩაძირული გემია ნაპოვნი.
31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღის მიზანი შავი ზღვის პრობლემების აქტუალობის წარმოჩენაა. გვინდა, შავი ზღვის მნიშვნელობასთან ერთად გავიაზროთ, ადამიანები ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით რამხელა ზიანს ვაყენებთ მას და იქ მცხოვრებ ორგანიზმებს.
#გაიცანიშენიზღვა