8 წლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც Empire of the Sun-მა ახალი ალბომი, Ask That God დააანონსა, ბევრს გაუჩნდა კითხვა თუ რატომ გადაწყვიტა ბენდმა ახალი სიცოცხლის დაწყება ახლა და ამ ფორმით. ამის საპასუხოდ ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მთავარმა ვოკალისტმა, ლუკ სთილმა თქვა, რომ მთელი ეს სიჩუმის წლები რეალურად ახალი ეტაპისთვის პასიურად მომზადების პროცესი იყო და არა უბრალოდ პაუზა:
“ჩვენ ერთად 20 წელზე მეტი ვიმუშავეთ და ავაგეთ ეს კოშკი, რასაც Empire of the Sun ჰქვია.. შემდეგ კი მივხვდით, რომ დასვენების დრო იყო.. ეს ოცნებებზე უარის თქმას ჰგავდა, მაგრამ მაშინ ამის გაკეთება აუცილებელი იყო, რათა მოგვიანებით მივბრუნებულიყავით და გვენახა თუ რატომ გვიყვარდა ეს ყველაფერი ასე ძალიან.”
იმის გასაგებად კი თუ როგორ აშენდა კოშკი თუ იმპერია, რომელიც წლების წინ მილიონობით ადამიანის თავშესაფარი გახდა, ისტორიის საწყის ფურცლებს უნდა მივუბრუნდეთ.
Empire of the Sun ავსტრალიური მუსიკალური პროექტია, რომელიც Luke Steele და Nick Littlemore-ის შემოქმედებით ხედვებს აერთიანებს. Luke Steele ასევე წლების განმავლობაში როკ ბენდის, The Sleepy Jackson-ის სოლისტი იყო, ხოლო Nick Littlemore-ს ყველასთვის კარგად ცნობილი ტრიოდან Pnau ვიცნობთ. მათი მუსიკალური ხედვები პირველად 2007 წელს გადაიკვეთა, როდესაც Luke Steele-მ მეგობართან ერთად Pnau-ს კომპოზიციაზე "With You Forever" იმუშავა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ის შემოქმედებითი სინერგია, რაც ორ მუსიკოსს აღმოაჩნდა, უფრო ხანგრძლივ და საინტერესო თანამშრომლობაში გადაზრდილიყო.
“ამბობენ, რომ ჩვენი ბენდის დევიდ ბოუის გავლენის გარეშე ვერ იარსებებდა, მაგრამ ეს ასე არ არის.. თუ არ იქნებოდა ბოუი, იქნებოდა ვინმე სხვა, ვისგანაც შთაგონებას მივიღებდით, რადგან ჩვენ ყველაფერში ვეძებთ ინსპირაციის წყაროს” - როგორც ამბობენ, ბოუის სტილის გარდა, კოლაბორაციის საწყის ეტაპზე Empire of the Sun-ის წევრები Phoenix და Daft Punk-ის გავლენასაც განიცდიდნენ, რის გამოც მათ მუსიკაში თანაბარი სიხშირით ვხვდებით ელექტრონული მუსიკის, სინთ პოპის და ელექტრო როკის ელემენტებს.
თავდაპირველად პროექტში აქტიურად იყო ჩართული PNAU-ს კიდევ ერთი წევრი Peter Mayes, მაგრამ ქაოსური სამუშაო გარემოს დამსახურებით, მან სტუდიურ საქმიანობაში თავისი წვლილის შეტანა ვერ შეძლო. 2007 წელს, Steele და Littlemore ინტენსიურად მუშაობდნენ სადებიუტო სტუდიურ ალბომზე, რომელმაც დღის სინათლე მალევე იხილა. Walking on a Dream - ასე ერქვა დუეტის პირველ ალბომს, სადაც ისეთ კომპოზიციებს ვხვდებით, როგორებიცაა We Are the People, Without You და რა თქმა უნდა Walking on a Dream.
ეს ალბომი მაშინვე იქცა ჰიტად, რასაც ხელი შეუწყო არა მარტო იმ პერიოდისთვის ძალიან აქტუალურმა ჟღერადობამ (ელექტროპოპი, ალტერნატიული როკი), არამედ იმ თეატრალურმა და ვიზუალურად მრავლისმთქმელმა განაცხადმა, რომელიც ბენდს ჰქონდა. Littlemore ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბგერითი თუ ვიზუალური სტილის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის მესიჯი, რომელიც მუსიკამ უნდა იტვირთოს:
“მუსიკის შექმნისას ჩვენ ყოველთვის გვაქვს განზრახვა, რომ მასში იყოს იმედის ნაპერწაკლი, სინათლის სხივი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება”
უცნაურია, მაგრამ წარმოუდგენლად იღბლიანი დასაწყისის მიუხედავად, ბენდს ძალიან გაუჭირდა სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ძირითადად Nick Littlemore-ს დამსახურება იყო. ის თვლიდა, რომ როდესაც მუსიკა აუდიტორიამდე მიაღწევს, ის უკვე ავტორს აღარ ეკუთვნის. შესაბამისად, მას ბენდთან ერთად საკუთარი კომპოზიციების შესრულების დიდი მოტივაცია არ ჰქონდა. ამის გამო ავსტრალიურ მედიასთან ინტერვიუში Luke Steele აღნიშნავდა, რომ კოლეგამ ის “ბავშვთან ერთად მარტო დატოვა”.
სანამ Littlemore თავის იდეებს ელტონ ჯონთან და Cirque du Soleil-თან ერთად ავითარებდა, Luke Steele-მა ბენდთან ერთად სხვადასხვა საკონცერტო სივრცეებსა თუ ფესტივალებზე გამოჩენა დაიწყო. ასე გაგრძელდა 2011 წლამდე, სანამ Empire of the Sun-მა არ დააანონსა, რომ დუეტი მზად იყო ახალი სტუდიური გამოწვევებისთვის, რომელიც შესაძლოა დიდი ტურნეშიც კი გადაზრდილიყო.
ამ ანონსის საუნდტრეკი გამოდგა კომპოზიცია Alive, რომელიც Walking on a Dream-ის ფანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი გამოდგა, რადგან ფაქტი იყო, რომ ბენდმა არ მიატოვა ის მუსიკალური იდენტობა, რითაც მან აუდიტორიას შეაყვარა თავი. ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ, რომ მსმენელის მხრიდან წამოსული ემოცია მათ საშუალებას არ აძლევდა Empire of the Sun-ის მთავარი მისია დაევიწყებინათ:
“როდესაც ადამიანებისგან ისმენ ისტორიებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შენი მუსიკა, მაშინ გრძნობ თუ რატომ არის განსაკუთრებული ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”
საბოლოოდ 2013 წელს ვიხილეთ ალბომი Ice on the Dune, რომელიც ბენდისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჟღერადობის გარდა, დიდ აქცენტს აკეთებდა დისკოსა და გლემ-როკის ესთეტიკაზეც. NME-თან ინტერვიუში მაშინ Luke Steele-მა ალბომი Daft Punk-ის ჩანაწერს Random Access Memories-საც კი შეადარა: “მათ უკეთესი მარკეტინგული კამპანია აქვთ, ჩვენ კი უკეთესი სიმღერები”.
აღსანიშნავია, რომ ბევრი საინტერესო კომპოზიციის მიუხედავად, Alive-მ ალბომის სხვა ყველა ელემენტი დაჩრდილა, ის გაჟღერდა სხვადასხვა ვიდეო თამაშებში, სარეკლამო ვიდეოებში, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. ამის შემდეგ მათ არ დააყოვნეს და 2016 წელს კიდევ ერთი ალბომი Two Wines გამოაქვეყნეს, სადაც უკვე სხვადასხვა მუსიკოსთან კოლაბორაციასაც ვხვდებით:
“წლების განმავლობაში ლუკიც და მეც სხვადასხვა მუსიკოსებთან ვმუშაობდით, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენს სივრცეში უცხო ადამიანები მოგვეწვია და ჩაგვერთო იმ საკრალურ პროცესში, რასაც მუსიკის წერა ჰქვია”
ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია High And Low კომპიუტერული თამაშის FIFA 17 საუნდტრეკი გახდა და მილიონობით ადამიანის ოთახებამდე მიაღწია. ამან ბენდს საშუალება მისცა ახალი თაობისთვისაც აქტუალური გამხდარიყო და ახალგაზრდა თაობისთვისაც შეეთავაზებინა საკუთარი მუსიკალური ხედვა.
თუმცა, როგორც ხშირად ხდებოდა, Empire of the Sun-მა თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააოცა მსმენელი - ისინი რამდენიმე წლით ისევ უკვალოდ გაქრნენ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამაში თავისი წვლილი Covid 19-ის პანდემიასაც მიუძღვის, რადგან როგორც მუსიკოსებმა აღნიშნეს, მათთვის წარმოუდგენელი იყო ვიდეო ზარებით მუსიკალური იდეების გაზიარება და რაიმე საინტერესოს შექმნა. შესაბამისად, 2022 წელს Luke Steele-მა სოლო ალბომი გამოსცა, ერთი წლის შემდეგ კი ბენდმა Pnau-სთან ერთად AEIOU ჩაწერა, თუმცა ეს არ იყო ის, რასაც მათგან გულშემატკივრები ელოდნენ. როგორც ჩანს მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ იყო - ალბომი Ask That God, რომელიც დიდი დაბრუნების საწყისი გახდა.
Rolling Stone-თან ინტერვიუში ბენდმა ახალი ჩანაწერი ასე შეაფასა: “ეს ალბომი და მოგზაურობა რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე გაგვიკეთებია. ეს ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროს შეერთების წერტილია, რომელიც გამოხატავს იმ დიდ ცვლილებებს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ცნობიერებაში მოხდა.
ალბომმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ისინი ამბობდნენ, რომ ტრადიციული მუსიკალური ხედვების პარალელურად ბენდი კვლავ ახერხებს შეინარჩუნოს მუსიკალური ინტრიგა, რაც მსმენელს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. ცალკე თემაა მათი შოუებიც, რომელიც, როგორც Luke Steele ამბობს საბოლოოდ დაემსგავსა იმას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ.
აყევი ვარსკვლავებს 27 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ზე | ბილეთები