მეორე საახალწლო ბლოგში გურული საშობაო სუფრის აუცილებელი კერძის და მისი საოცარი ისტორიის შესახებ მოგიყვები. გურული ღვეზელი, ალბათ ერთხელ მაინც გაგისინჯავს, მაგრამ თუ იცი მისი რეალური დანიშნულება?
ტრადიციული გურული ღვეზელი ძველად „სარიტუალო პურის“ სახელით იყო ცნობილი და მისი გამოცხობა მხოლოდ შობის დღესასწაულთან არ იყო დაკავშირებული. გურული დედები ღვეზელს ხშირად ამზადებდნენ ახალგათხოვილი შვილის ოჯახში სტუმრობისთვის, მისით ხელდამშვენებული მიდიოდა ნათლულიც სტუმრად ნათლიასთან, რადგან ღვეზელი გურულებისთვის პატივისცემის ნიშანი იყო. პატივისცემა კი ღვეზელში არსებული კვერცხის რაოდენობით განისაზღვრებოდა - რაც უფრო მეტი კვერცხით მზადდებოდა კერძი, მით მეტ პატივისცემას გამოხატავდა სტუმარი სტუმრად მისული ოჯახისადმი.
თუმცა მე ყველაზე მეტად, საშობაო ღვეზელის მომზადების კალანდასთან დაკავშირებული ტრადიცია მიყვარს: ყოველ შობას ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის ცხვება და მისი ზომა იმ ადამიანის ასაკის მიხედვით განისაზღვრება ვისთვისაც არის განკუთვნილი. დიდი ზომის კერძი ოჯახის უფროსს ეკუთვნის, პატარა კი ოჯახში ყველაზე უმცროსს. ცალკე მზადდება ყველაზე დიდი ფორმის ღვეზელი, ყველაზე ბევრი კვერცხით, რომელიც სადღესასწაულო სუფრის შუაგულში თავსდება და მასზე სანთელები ინთება, რადგან გურიაში სჯერათ, რომ ეს ოჯახისთვის ბარაქისა და კეთილდღეობის მომტანია.
ეს გურული ძველი ტრადიცია დროთა განმავლობაში საქართველოს ბევრმა კუთხემ აიტაცა, ამიტომ შეიძლება შენც გახსოვს ბავშვობიდან ზუსტად იგივე წესების დაცვით როგორ ამზადებდნენ შენს სახლში ნახევარმთვარის ფორმის გემრიელობას. ეს ტრადიცია კი შენთვისაც ოჯახურ სითბოსთან და ერთიანობასთან ასოცირდება ალბათ.
ტრადიციული გურული ღვეზელის მომზადება შობამდე ორი დღით ადრე იწყება: კარგად მოხარშული, ნაჭუჭმოცლილი კვერცხები ბუხარში ან შუაცეცხლის თავზე უნდა დაიკიდოს, რადგან სწორედ ასე შებოლილი კვერცხი აძლევს განსაკუთრებულ გემოს გურულ ღვეზელს. ალბათ ისიც გაინტერესებს რატომ აქვს მას ნახევარმთავრის ფორმა? იმიტომ, რომ ამგვარი ფორმა გურულებისთვის ოდითგანვე ციურ სხეულებთან და მათ სიძლიერესთან იყო დაკავშირებული.
ღვეზელის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სულაც არ სჭირდება, ასე რომ გაამდიდრე შენი საშობაო სუფრა და გააკეთე გურული ტრადიციული ღვეზელი შენც შენი წინაპრების მსგავსად.