“ადამიანებს ხშირად აქვთ სტანდარტები, თუ როგორ სურთ ცხოვრება და შემდეგ ისინი მუდმივად ამ სტანდარტების მიღწევას ცდილობენ. მე ასე არ ვიქცევი. მე ასე არც ჩემს ცხოვრებას ვექცევი და მით უმეტეს, არც ხელოვნებას.” - აქსელ როუზი, 1987.
ეს ტექსტი 25 წლის აქსელ როუზის სიტყვებით შემთხვევით არ იწყება - როცა მუსიკოსი ან ბენდი საყოველთაო წარმატებას აღწევს და მილიონობით მსმენელის ფავორიტად იქცევა, თითქოს ბევრს არ სჯერა, რომ მის უკან შეიძლება გულწრფელი იდეა კვლავ განაგრძობდეს სიცოცხლეს. Guns N' Roses-იც ზუსტად იმ მასშტაბის ბენდია, რომლის 2016 წელს კლასიკური შემადგენლობით აღდგენამაც იგივე ეჭვები გააჩინა. თუმცა 40 წლის წინ, როდესაც ორი პროექტის, L.A. Guns და Hollywood Rose-ს გაერთიანებით ახალი ბენდი მივიღეთ, არავის უფიქრია, რომ წინ ის საოცარი თავგადასავალი იცდიდა, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით.
L.A. Guns-ის ლიდერი და მომავალში Guns N' Roses-ის წევრი Tracii Guns ახალი სიცოცხლის პირველ წუთებს შემდეგნაირად იხსენებს:
“როდესაც აქსელი ბენდიდან დაითხოვეს, მაშინ ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და მას მე ახალი ბენდის შექმნა შევთავაზე, რომელსაც Guns N' Roses დაერქმეოდა. მეორე დილას Izzy Stradlin-ს დავუკერეთ და ვკითხეთ ხომ არ სურდა ჩვენი ბენდის წევრი გამხდარიყო. ისიც დაგვთანხმდა და ასე მარტივად, ახალი ბენდიც შეიქმნა.”
თუმცა ამის შემდეგ მათ შემოქმედებით ცხოვრებაში არაფერი ყოფილა მარტივი. მუდმივი კონფლიქტი ბენდის წევრებს შორის, უშეღავათო ბრძოლა ინდუსტრიის “ზვიგენებთან” და თავის დამკვიდრების ეკლებით მოფენილი გზა - ეს იმ ბარიერების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ახლად ჩამოყალიბებული ბენდი კარიერის პირველივე წლებში გადააწყდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობდა ე.წ. X ფაქტორი, რომლის იგნორირება ვერავინ შეძლო და ეს არის ბენდის 1987 წელს გამოცემული ალბომი Appetite for Destruction, სადაც ჰიტად ქცეულ კომპოზიციებს "Welcome to the Jungle", "Paradise City" და "Sweet Child o' Mine" ვხვდებით. ამ ალბომს არ ჰყოლია წამყვანი პროდუსერი ან ადამიანი, ვინც წინასწარ იფიქრებდა მის ბგერით იდენტობაზე თუ ხასიათზე. როგორც აქსელი იხსენებს, ეს იყო ალბომი ცოცხალი ენერგიით, ბრჭყვიალა ელემენტების გარეშე.
“მთელი ალბომი ლაივში ჩაიწერა: დრამი, გიტარა და ყველა საბაზისო ინსტრუმენტი ერთ ოთახში ერთდროულად უკრავდა. შესაბამისად, ყველას მიკროფონში ყველა ბგერა აღწევდა. ძალიან რთული იყო ისეთი პროდუსერის პოვნა, როგორიც ჩვენ გვჭირდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეული სიმღერისთვის ის ენერგია გვეჩუქებინა, რომელსაც ის ჩვენში იწვევდა.”
დღეს სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ 80-იანების ბოლოს ჯერ კიდევ ბევრმა ვერ დაინახა, რომ Appetite for Destruction შესაძლოა ჰიტების სამჭედლო გამხდარიყო. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პერიოდის რადიოს და პრესას, რომლებმაც საწყის კვირებში გვერდი აუარეს ჩანაწერს, რის გამოც ალბომი ჩარტებსა და გაყიდვებში ფაქტობრივად განწირული იყო. ბოლო ლეიბლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა MTV დაერწმუნებინა, რომ სიმღერისთვის "Welcome to the Jungle" ერთი შანსი მიეცა და მათთვის თუნდაც ლიმიტირებული დროით დაეთმოთ სატელევიზიო ბადე. ეს დრო როგორც წესი ღამის 3-4 საათი იყო, როდესაც როგორც წესი ჰარდ როკ მუსიკის მოსასმენად ბევრი ვერ იცლის, თუმცა როგორც უკვე ვახსენე, არსებობდა ე.წ. X ფაქტორი..
არახელსაყრელი სატელევიზიო ბადის მიუხედავად, "Welcome to the Jungle" იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ MTV ბენდის სხვა სიმღერებსაც დაეწაფა და Guns N' Roses ფაქტობრივად სამუდამოდ დაემშვიდობა როკ მუსიკის მიწისქვეშეთს. ერთი შეხედვით წარუმატებელი ალბომის ჩარტის სათავეში მოქცევით და 20 000 000 გაყიდული ეგზემპლარით ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ლოს ანჯელესელი ბიჭებისთვის უკვე აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. უფრო მეტიც, უკვე აღარც როკ მუსიკისთვის იქნებოდა ყველაფერი იგივე, რადგან ახალი ტალღის შხეფები ინდუსტრიას უკვე მოხვდა..
არადა ინდუსტრია ამ დროს ერთის მხრივ U2, Bon Jovi და Def Leppard-ის ახალ ალბომებზე იყო კონცენტრირებული, მეორეს მხრივ კი Michael Jackson, Madonna, Whitney Houston და George Michael-ის ოქროს წლებს ეგებებოდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ Guns N' Roses-ს წინ ბევრი გამოცდა ელოდა..
თავის მხრივ გამოწვევები ჰქონდათ თავად ბენდის შიგნითაც, რადგან კოლექტივს რამდენიმე წევრი, მათ შორის Tracii Guns დაემშვიდობა. სამაგიეროდ მათ როკ მუსიკისთვის ლეგენდარული გიტარისტი Slash შეუერთდათ, ვის გარეშეც მომდევნო წლები ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა. Slash იხსენებს, რომ მათი თვითმიზანი კომერციული წარმატება და MTV-ის აუდიტორიის წინაშე კეკლუცი არასოდეს ყოფილა:
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ აბსოლუტურად არაკომერციულ მუსიკას ვქმნიდით. ისეთი, როგორსაც პირობითად Motörhead ქმნიდა. დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა, რომ ბილბორდის ჩარტებში მოვხვედრილიყავით, რადგან ჩვენი მოსმენა არავის უნდოდა”.
მაშინ რატომ აღმოჩნდა როკ მუსიკის მწვერვალზე ბენდი, რომლის მოსმენაც არავის უნდოდა? აღმოჩნდა, რომ სტანდარტი, რომელიც Guns N' Roses-მა Appetite for Destruction-ით დააწესა, მათთვის არ აღმოჩნდა არც წნეხი და არც შემოქმედებითი ბარიერი. ბენდმა საკუთარი თავის გამოცდა არც შემდეგ წლებში შეწყვიტა და ბევრი კონტროვერსიის, კრიტიკის თუ ეჭვის მიუხედავად, განვითარება განაგრძო.
1991 წელს მათ ერთსა და იმავე დღეს ორი ალბომი, Use Your Illusion I და Use Your Illusion II გამოსცეს და დეკადაში, რომელიც მუსიკის ისტორიაში კურტ კობეინის, ბრიტ პოპის და ალტერნატიული როკ მუსიკის ათწლეულად ჩაიწერა, თავიანთი სახელი მკაფიოდ მონიშნეს. ამ ჩანაწერებში ვხვდებით ბლუზის გავლენას, ორკესტრულ ბალადებს და კლავიშების უფრო დომინანტურად გამოყენებას, რაც საბოლოოდ Guns N' Roses-ის დისკოგრაფიისთვის ჩვეულ მახასიათებლებად იქცა. ამ ჩანაწერებში ასევე ვხვდებით November Rain-ს, რომელიც როკ მუსიკისთვის ეპოქალურ ნამუშევრადაა ცნობილი.
როგორც ჩანს მუსიკას არტისტების გარეშეც არ უჭირს ცხოვრება, რადგან მწვერვალზე ყოფნის მიუხედავად, ბენდი ფაქტობრივ დაშლას მაინც ვერ გადაურჩა. 90-იანი წლებში, მე-6 ალბომზე მუშაობის პროცესში თითქმის მთლიანად შეიცვალა ბენდის შემადგენლობა, რადგან ჯგუფი ჯერ Gilby Clarke-მ დატოვა, შემდეგ კი აქსელ როუზთან კონფლიქტის გამო Slash-იც წავიდა. ამას მოჰყვა სხვა წევრების წასვლაც და ვოკალისტს ფაქტობრივად თავიდან მოუწია Guns N' Roses-ს დაკომპლექტება.
“მე და Slash შეხვედრის დღიდან ვჩხუბობდით. მას სურდა, რომ მე მისი ბენდის წევრი ვყოფილიყავი და არა პირიქით. 1991 წელს სწორედ მან დაიჟინა ტურნეს დაწყება მაშინ, როდესაც მე ამისთვის მზად არ ვიყავი. განცდა მქონდა, რომ ჩემი უსაფრთხოება და კარგად ყოფნა არავის ადარდებდა.”
მსგავსი კონფლიქტები აქსელს ძველი მეგობრების და კოლეგების დაკარგვის ფასად დაუჯდა. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ბევრისთვის ბენდი პირდაპირ აქსელ როუზთან ასოცირდება, რომელიც სხვადასხვა მუსიკოსების ირგვლივ შემოკრებით ცდილობდა შეენარჩუნებინა ის მუდმივა, რომელიც Guns N' Roses-ს ინდუსტრიის წინა ფლანგზე ტოვებდა.
თუმცა ბენდის სახელის შენარჩუნების გზა უფრო მეტად ცოცხალ საკონცერტო გამოცდილებაზე გადიოდა, ვიდრე სტუდიურ მუშაობაზე, რადგან ფაქტია Guns N' Roses არასდროს ყოფილა ისეთი პროდუქტიული, როგორიც 80-იან წლების ბოლოს და 90-იან წლებში იყო. თითქოს ყველა გრძნობდა, რომ ბენდს რაღაც აკლდა, სანამ 2016 წელს ნიუსებში ასეთი სიახლე არ გამოჩნდა:
“სამი ათწლეულის ტრადიციის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ინოვაციურობას, ტენდენციების ჩამოყალიბებას და როკენროლის სახის სამუდამოდ შეცვლას, Guns N’ Roses აანონსებს ამ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენას. დამფუძნებელი აქსელ როუზი და ყოფილი წევრები სლეში და დაფ მაკკეიგანი ერთიანდებიან, რათა Coachella-ს მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს წინ წაუძღვნენ.”
ასე და ამგვარად ყინული დაიძრა და ახალ ტალღად გარდაიქმნა, რომელიც არა მხოლოდ Guns N' Roses, არამედ მთლიანად როკ მუსიკის ფანებისთვის იქცა ოპტიმიზმის წყაროდ. ბენდის ის წევრები, ვინც წამყვანი ჰიტების და რაც მთავარია Guns N' Roses-ის იდენტობის ძირითადი შემოქმედები იყვნენ, კვლავ გაერთიანდნენ და მსმენელს აჩუქეს ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - მუსიკა. მუსიკა, რომელიც არ ბერდება. ამის შემდეგ ბენდი ფაქტობრივად მუდმივად ტურნეშია და სხვადასხვა თაობის მსმენელს თავის 40 წლიან მემკვიდრეობას უზიარებს. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ამ ყველაფრის მოწმე ძალიან მალე საქართველოც გახდება.
შეუძლებელია Guns N' Roses-ისგან ითხოვდე თინეიჯერულ ენერგიას ან იმ დინამიკას, რომელიც მათ 30-40 წლის წინ ჰქონდათ. მაგრამ როცა აცნობიერებ,რომ უსმენ ადამიანებს, რომლებიც შენი საყვარელი კომპოზიციების უკან დგანან, ხვდები, მათ ყოველთვის აქვთ იმის უნარი, რომ დაგაბრუნონ ბავშვობის წლებში, შენს თინეიჯერობაში ან უბრალოდ იმ პირველ შთაბეჭდილებებთან, რომელთაც მათი მუსიკით ეზიარე.