ყოველი წლის ოქტომბრის მეორე შაბათი მიგრირებადი ფრინველების მსოფლიო დღეა. თუ ოდესმე გაგჩენია შეკითხვა რატომ მიფრინავენ, საით, ან როგორ, მაშინ გეტყვი, რომ ეს დღე სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დააარსეს მსოფლიოს ორნიტოლოგებმა.
ფრინველები წელიწადში ორჯერ მიგრირებენ: ყოველი წლის ოქტომბრის მეორე შაბათს, მაშინ როცა მათ ჩვეულ გარემოში ცივი ამინდების გამო გაჩერებას ვეღარ ახერხებენ და 8 მაისს, მაშინ როცა თბილი ქვეყნებიდან თავიანთ მონატრებულ, ბუნებრივ გარემოს უბრუნდებიან.
სანამ ჩიტუნები ფრენაფრენით დანიშნულების ადგილს მიაღწევენ, მინდა 7 საინტერესო ფაქტი გაგიზიარო, რომელიც ამ ფენომენზე შენს ინტერესს ცოტათი მაინც დააკმაყოფილებს.
1. უკვე იცი, რომ მიგრირებად ფრინველებს დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, მაგრამ რამდენის? და რამდენ ხანში?
მიგრირებად ფრინველებს 26 000 კმ-დე მანძილზე ფრენა შეუძლიათ და მის დაფარვას საშუალოდ 533 საათს ანდომებენ. ამის გამო ზოგი პატარა ჩიტუნია 48 კმ/სთ-ით დაფრინავს. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ ჩიტუნები დღეში 8 საათის განმავლობაში მოგზაურობენ და დაახლოებით 66 დღე სჭირდებათ დანიშნულების ადგილზე მისაფრენად.
2. რა გზას გადიან მიგრირებადი ჩიტუნები და სად შეგვიძლია მათი შემჩნევა?
ფრინველთა ეს ჯგუფი მსოფლიოში 8 საიმიგრაციო მარშრუტს იყენებს:
განსაკუთრებულად მიხარია, რომ მათგან 3 საქართველოს კვეთს, კერძოდ კი ჩემს რეგიონს, რაც კოლხურ ლეგენდალურ მიწას და მის ლეგენდელურ ისტორიას, კიდევ უფრო ამდიდრებს.
ჩიტები ამ მარშრუტით უკვე მრავალი ასწლეულია სარგებლობენ, რადგან დანიშნულების ადგილამდე მისაფრენად საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად შესვენება მათთვის აუცილებელი პირობაა. გურია სწორედ ის რეგიონია, სადაც ადგილობრივი ბუნება ხელს უწყობს მიგრირებად ჩიტუნებს ყველა საჭირო მოთხოვნა დაიკმაყოფილონ, ამიტომ აქ ასეთ ჩიტებს ხშირად შეხვდები მიგრაციის პერიოდში.
3. რამდენი მიგრირებადი ფრინველის სახეობა არსებობს?
ჩემი პოსტებით უკვე მოგიყევი, რომ ფრინველების 40% მიგრირებადი სახეობისაა. წარმოიდგინე რა საოცრებაა - 2 000 - მდე სახეობის ფრინველი, ერთად კი 300 მილიონი, ერთ პერიოდში იწყებენ მიგრაციას ერთი მიმართულებით.
4. როგორ აგნებენ მიგრირებადი ფრინველები გზას?
მიგრირებადი ფრინველები ნავიგაციისთვის მზეს, ვარსკვლავებს, მთვარეს, ჩრდილს, დედამიწის მიზიდულობას და გარემოს ტემპერატურას იყენებენ. რაც შეეხება უშუალოდ მიგრირების დაწყებას, ეს ინსტიქტი მათ გენეტიკაში აქვთ, რაზეც ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მეტყველებს: თუ მიგრირებადი ჩიტუნია სახლში გალიაში გყავს, შეამჩნევ რომ მიგრირების პერიოდში ის მხოლოდ გალიის ერთ კუთხეში იწყებს ფრენას და მოსვენებას.
5. როგორ ემზადებიან მიგრირებადი ჩიტუნები მიგრაციისთვის?
დიდ მანძილზე საფრენად ჩიტუნებს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ცხიმი სჭირდებათ, მის დასაგროვებლად კი გარკვეული საკვების მიღებაა საჭირო. სწორედ ამ “დიეტის დაცვით” ინარჩუნებენ სხეულის იმ წონას, რაც შემდგომ ფრენისთვის სჭირდებათ.
6. დღის რომელ მონაკვეთში დაფრინავენ ჩიტუნები?
რომ ეკითხათ ალბათ იტყოდი, რომ ფრინველები მიგრაციის დროს ძირითადად დღისით დაფრინავენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ღამე ფრენა ურჩევნიათ. დიახ ასეა, რადგან ამ დროს ნაკლებია იმის საფრთხე, რომ სადმე მონადირეებს ან მათზე მტაცებელ ცხოველებს წააწყდებიან. ღამე ფრენა ზაფხულის ცხელ პერიოდში უფრო კომფორტულიცაა, რადგან საღამოს გრილი ჰაერი მათ ნაკლებად ღლის და ხშირად პირიქით მეტ ენერგიასაც კი მატებს.
თუმცა არსებობს ისეთი სახეობები, რომლებიც მხოლოდ დღისით მიგრირებენ, მაგალითად წეროები და იხვები, რადგან ისინი გზას მხოლოდ ვიზუალურად ცნობენ.
7. იცოდი რომ ყველა მიგრირებადი ფრინველი არ დაფრინავს?
ალბათ გაგიკვირდება როცა გაიგებ, რომ არსებობენ ისეთი ფრინველები, რომლებიც მიგრაციას განიცდიან, თუმცა არსადაც არ მიფრინავენ. ემუ სირაქლემა და პინგვინები იმ მიგრირებად ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ დაფრინავენ.
ემუ სირაქლემები ჩვეულებრივ პირობებში მარტო გადაადგილდებებიან, თუმცა მიგრაციის პერიოდში სხვა მეგობრებს პოულობენ და მათთან ერთად იწყებენ უკეთესი საცხოვრებლის ძიებას. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, ემუ სირაქლემები მიგრაციას ზედმეტად ცხელი სეზონისგან თავის ასარიდებლად განიცდიან. რაც შეეხებათ პინგვინებს, როდესაც ანტარქტიდაში დღე მოკლდება და გაუსაძლისი გამყინვარება იწყება პინგვინები საკვების და ახალი საცხოვრებლის პოვნას ცურვით იწყებენ.
უკვე იცი, თუ რამდენს შრომობენ ფრინველები მიგრაციის დროს და რამდენი წინაღობა ხვდებათ გზაზე, ამიტომ შენც შემომიერთდი და ჩემსავით იზრუნე ჩიტუნებზე მიგრაციის პერიოდში. დაუყარე მათ საკვები და სულ მზად გქონდეს წყალი, ან ჩემსავით ბუდეები მოუწყვე შენს ეზოში.