დღეს ჩემს საყვარელ ნაძვთან მივფრინდი და აღარ დამხვდა... ეს პირველი ნიშანია, რომ ის დღე ახლოვდება- ზოგისთვის ძალიან ლამაზი, ზოგისთვის კი...
ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ბარტყი, რომ ვიყავი ყველაზე მეტად წელიწადის ეს დღე მიყვარდა. გაოცებული შევყურებდი ცაში გ აშვებულ ათასფერ ფეიერვერკს. მინდოდა იქამდე ავფრენილიყავი და მათთან ერთად მეფრინა. დედა კი გარეთ გაფრენის უფლებასაც არ მაძლევდა, ვბრაზდებოდი და ვერაფრით ვიგებდი რატომ. გამოგვკეტავდა ბუდეში და მე და ჩემი და-ძმებიც ასე მონუსხულები, ჩუმად, ჩვენი ხის ფუღუროდან ვუყურებდით საახალწლო ფეიერვერკს.
მეორე დილა ყველასთვის მძიმე იყო. იმის გამო გაბრაზებული რომ ფეიერვერკის ყურების უფლება არ მოგვცა, გაბუსხულები ხმას არ ვცემდით დედას. თუმცა მას ამის შემჩნევის თავი სულ არ ჰქონდა, მთელი დღე მეზობელ ბეღურებთან ერთად იმ დანაკლისს ითვლიდა, რაც ჩემმა საოცნებო შუშხუნებმა მიაყენეს ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.
მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისე ძალიან რომ ზამთარშიც კი არ ვტოვებ მას. მე ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ადამიანები, ისე ძალიან რომ მათ სიახლოვეს ფრენა მახალისებს. მე ვიცნობ ბევრ მათგანს, ვინც მე და ჩემნაირებს საჭმელსაც გვიყრის და თავიანთ ეზოებში ბუდეებსაც კი გვიკეთებენ გამოსაზამთრებლად. ამ ადამიანებისთვის მეც არაფერს ვიშურებ, მათ ნათესებს გამანადგურებელი მწერებისგან ვიცავ და სარეველა ბალახებისგანაც ვუთავისუფლებ ეზოებს. თუმცა, ხშირად, სწორედ ეს ადამიანები არ ფიქრობენ, მათ მიერ ასე გულმოდგინედ შერჩეულ საახალწლო შუშხუნებს როგორი შიში და ხიფათი მოაქვთ ჩვენთვის.
ახალი წელი მოდის, წლის ყველაზე ჯადოსნური დღე. ასე ვფიქრობდი ბარტყობაში და ასე ვფიქრობ ახლაც. ეს არის დღე, როცა ყველა ბედნიერი უნდა იყოს და ერთმანეთის კარგ განწყობაზე იზრუნოს. იქნებ ახლა სწორედ ის წელი დგება, როცა ეს ფრაზები რეალობაშიც უნდა განვახორციელოთ, ერთად შევძლოთ და შევქმნათ ისეთი საახალწლო გარემო, სადაც ჩემი ბარტყებიც ბედნიერები იქნებიან და თქვენი შვილებიც, სადაც არც ერთი სულიერი არ დაზარალდება და მე ჩემს მეგობარ ნაძვებთან ერთად შევძლებ ახალი წლის აღნიშვნას.