„Black Sea Arena“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J, Thirty Seconds to Mars, L'Imperatrice, The Killers, OneRepublic, Jungle -ს უმასპინძლა.
დაარსების დღიდან Black Sea Arena-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში. მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე საქართველოს მოსანიშნად კი 2023 წელს გადაწყვიტა ქვეყნის ახალი მუსიკალური ისტორია დაეწერა. ასე გაჩნდა Starring Georgia-ს განხორციელების იდეა - პროექტის, რომლის ფარგლებში ქვეყანამ პირველად უმასპინძლა მსოფლიო სტანდარტებით ორგანიზებულ მუსიკალურ ღონისძიებებს და თანამედროვეობის ისეთ დიდ არტისტებს, როგორებიცაა: Imagine Dragons, Bruno Mars, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream, OneRepublic, Scorpions, Jungle.
მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის გიგანტის Live Nation- ის პარტნიორობით პროექტმა ქვეყნისთვის უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია, ჩვენი ქვეყანა კი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის რუკაზე ახალი დანიშნულების წერტილად დაპოზიციონირდა.
ამის პარალელურად „Black Sea Arena“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. 30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა.ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.
ყველა ეს დეტალი "Black Sea Arena" შენობას უნიკალურს ხდის, რის გამოც 2020 წელს არქიტექტურულ სივრცეში დიდი აღიარება მოიპოვა და “გერმანული დიზაინის დაჯილდოების” გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში. აღნიშნულ დაჯილდოებაზე პრიზები მხოლოდ იმ პროექტებს გადაეცემათ რომლებსაც წვლილი საერთაშორისო დიზაინის ლანდშაფტში შეაქვთ. შენობა გერმანული არქიტექტურული კომპანია Drei Architekten-ის მიერ არის დაპროექტებული, რომელიც 50 წელია ბაზარზე ოპერირებს და საერთო ჯამში 30 საერთაშორისო თუ ლოკალური ჯილდოს მფლობელია.
"Black Sea Arena"-დან 2 წუთის სავალზე "მუსიკოსთა პარკი" მდებარეობს. სხვადასხვა უნიკალური მცენარეებით და ძეგლებით სავსე პარკი 2016 წელს გაშენდა და მას შემდეგ ტურისტების ყურადღების ცენტრშია. პარკში წლიდან წლამდე იზრდება ვიზიტორების რაოდენობა.
"მუსიკოსთა პარკის" გავლით კიდევ ერთ დაუვიწყარ ადგილას "სოციალურ სივრცეში" აღმოჩნდებით. სივრცის მიზანია ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. გარემო, ჰაერი, საკვები, აქტივობები - "სოციალურ სივრცეში" ამ ყველაფრის იდეალური ნაზავია ადამიანის სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის.