ვანო მჭედლიშვილი, სამუელ ჩავლეიშვილი, სანდრო კავსაძე და ძუკუ ლოლუა ქართველი მომღერლები და ფოლკლორისტები არიან, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული ფოლკლორული სიმდიდრის შენარჩუნებაში.
ივანე (ვანო) მჭედლიშვილი ქართველი მომღერალი და ლოტბარია, რომელიც 1903 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დაიბადა. სიმღერის ნიჭი მას ადრეულ ასაკშივე აღმოაჩნდა და როგორც ცნობილია განსაკუთრებულად ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი გურული რთული სიმღერების მარტივად ათვისებით გამოირჩეოდა. თავისი ასეთი შესაძლებლობების დამსახურებით, მომღერალთა გუნდი მას ბავშვობიდანვე ჰყავდა, რამაც ვანო ნიჭი კიდევ უფრო განავითარა.
1923 წელს მან სოფელ კაკაბეთში ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი ჩამოაყალიბა, რამაც საფუძველი დაუდო მისი როგორც ლოტბარის საქმიანობას. რამდენიმე წლის შემდეგ, თავის გუნდთან ერთად ვანო მჭედლიშვილი საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარმატებულად წარსდგა, რასაც მალევე მოჰყვა მიხო ჯიღაურთან ერთად მოსკოვსა და ლენინგრადში მოგზაურობა მუსიკალური ფირფიტების ჩასაწერად.მომდევნო წლებში ქართველი ლოტბარი რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე სხვადასხვა ქართულ ანსამბლებთან ერთად გამოიდოდა და ქართულ მუსიკას ყოველთვის ერთნაირი წარმატებით წარმოაჩენდა.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ვანო მჭედლიშვილის როლი ქართული სიმღერების შეკრებასა და აღდგენის საქმეში. ფაქტიურად მისმა ენთუზიაზმმა გადაარჩინა ქართული კულტურის ისეთი მარგალიტები, როგორებიცაა "ჩაკრულო", "გარეკახური მრავალჟამიერი", "შემოძახილი", "ტურფანი სხედან ჩარდახსა", "შენ, ბიჭო, ანაგურელო"; ვანო ასევე გამორჩეული პედაგოგად მიიჩნევა, ვისი მოსწავლეც ბევრი სახელგანთქმული მომღერალი, მათ შორის ჰამლეტ გონაშვილიც იყო.
გურული მუსიკალური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სამუელ ჩავლეიშვილი ოზურგეთის რაიონში 1857 წელს დაიბადა. ბესო ინწკირველთან, ილარიონ ჩავლეიშვილთან და ლადიკო დოლიძესთან ერთად მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საჯარო მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა, რამაც გურული სიმღერის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მშობლიური მხარის გარდა, ის კონცერტებს ატარებდა თბილისში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთშიც. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ხშირად იკვეთებოდა ძუკუ ლოლუასთან, სანდრო და მიხეილ კავსაძეებთან, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშილთან - სწორედ ამ უკანსკნელის ინიციატივით 1917 წელს სამუელ ჩავლეიშვილმა შესანიშნავი კონცერტი ჩაატარა თბილისში, რამაც ზაქარია ფალიაშვილის ყურადღებაც კი მიიქცა. ქართული ხალხური სიმღერების ცნობილ შემსრულებელს და გუნდების დამაარსებელს და ცნობილ ლოტბარს ხშირად "გურულ ბულბულად" მოიხსენიებენ.
სანდრო კავსაძე თვითნასწავლი ქართველი მომღერალია, რომელიც 1874 წელს კასპის რაიონში დაიბადა. გორის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს ის ს. გოგლიჩიძის გუნდში მღეროდა, მოგვიანებით კი ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი (ტენორი) გახდა. სანდრო კავსაძე მიიჩნევა ქართული ხალხური სიმღერების, განსაკუთრებით კი "ურმულისა" და "ოროველას" შესრულების დიდოსტატად. 1911 წელს ის საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა, სადაც 24 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და სასიმღერო გუნდებს ხელმძღვანელობდა. მისი კურატორობით აღიზარდა მრავალი ლოტბარი, მათ შორის მ. კავსაძე, ვ. ხატელიშვილი, ს. გველესიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ 1935 წელს მან თბილისში დააარსა აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომელიც 100 ადამიანისგნა შედგებოდა.
ძუკუ ლოლუა ხობის რაიონში დაბადებული მომღერალი და პედაგოგია, რომელმაც შთამომავლობას უამრავი მეგრული ხალხური სიმღერა გადაურჩინა. 1911 წლიდან ის მოღვაწეობდა სოხუმში, სადაც საფუძველი ჩაუყარა საგუნდო ხელოვნების განვითარებას. მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც მან სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა, ფონოგრაფზე ჩაიწერა და დაისწავლა. 1904 წლის 25 სექტემბერს გუნდმა პირველი კონცერტი დიდი წარმატებით ჩაატარა , რამაც აფხაზეთში ქართული კულტურის კიდევ ერთი მძლავრი კერა გააჩინა. 1914 წელს გუნდმა საკონცერტო მოგზაურობა მოაწყო დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - დიდი პოეტის, აკაკი წერეთლის იუბილეზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ძუკუ ლოლუას გუნდი თბილისში მიიწვიეს, სადაც მან აუდიტორიაზე დიდი ეფექტი მოახდინა. 1921 წელს იგი დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა. სწორედ მან დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. თავისი დიდი ღვაწლის გამო მას სამართლიანად უწოდებენ "მეგრული სიმღერის პატრიარქს" - მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთა უკვე საქვეყნოდ ცნობილ კოლექტივს "ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი" ეწოდა.