ფილიმონ ქორიძე ქართველი მომღერალი, პედაგოგი და ფოლკლორისტია, რომელიც 1829 წელს სამტრედიის რაიონში დაიბადა. 1864–1872 წლებში ის ვოკალურ ხელოვნებას მილანში, ფ. რონკონისთან ერთად დაეუფლა. იმავე პერიოდში ის "ლა სკალას" აუდიტორიის წინაშეც რამდენჯერმე წარსდგა და იტალიური პრესის ქებაც დაიმსახურა. 1872 წელს ფილიმონ ქორიძემ გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (რიო –დე–ჟანეირო) მრავალი საოპერო სცენა და შემდეგ კი კორიჯიოს ფსევდონიმით ისევ იტალიაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1881 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და აქტუალურ საზოგადო მოღვაწეობას შეუდგა გახდა რა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი და ქართული საოპერო ხელოვნების ერთ–ერთი ფუძემდებელი, რომელმაც ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიმღერა–გალობის თავმოყრის, ჩაწერისა და გავრცელების საქმეში. 1893 წელს იგი საგალობლების ჩასაწერად ოზურგეთში გაემგზავრა, სადაც წელიწადზე მეტხანს დარჩა და 12 ვრცელი ალბომი შეადგინა, რომელიც ჯამში 5532 საგალობელს მოიცავდა. ფილიმონ ქორიძე პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა - მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; ქორიძის მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში - ესტატე კერესელიძე), სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 2011 წლის 20 დეკემბერს ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ფილიმონ ქორიძე შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.