1871 წელს, ქუთაისში, კათოლიკე მნათე პეტრე ფალიაშვილის მრავალშვილიან ოჯახში, მომავალი კომპოზიტორი ზაქარია ფალაიშვილი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ფალიაშვილებს შინ არანაირი მუსიკალური საკრავი არ ჰქონიათ, მრავალრიცხოვანდა-ძმათაგან რამოდენიმეს მუსიკის ნიჭი აღმოაჩნდა. ზაქარია 8 წლიდან მღეროდა კათოლიკური ეკლესიის გუნდში. აქვე მოზარდის სმენა ორგანმა გაიტაცა, რის შემდეგაც მასზე დაკვრას დაეუფლა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მან, მის ძმასთან, ივანესთან ერთად ლადო აღნიაშვილის ქართულ ეთნოგრაფიულ გუნდში დაიწყო სიმღერა.
ფალიაშვილი 1896 წლიდან გვევლინება როგორც საზოგადო მოღვაწე. მის ძირითად საქმედ ხალხური სიმღერების შეკრება და შესწავლა იქცა. მან ექსპედიციისას შემოიარა თითქმის მთელი საქართველო და ფონოგრაფზე ჩაიწერა 300-ზე მეტი ფოლკორული ნაწარმოები. ხალხური სიმღერებიდან შეადგინა და გამოსცა 2 კრებული. სწორედ ხალხური სასიმღერო ფოლკლორი იქცა შემოქმედებით დასაბამად და შთაგონების მთავარ წყაროდ ზაქარიას უმთავრესი საქმიანობის - კლასიკური ოპერის შექმნის გზაზე.
1900 წელს ზაქარია მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, გამოჩენილი კომპოზიტორისა და პედაგოგის – სერგეი ტანეევის კლასში. ტანეევის წყალობით მომავალი კომპოზიტორი ეზიარა დასავლეთ ევროპის მუსიკალურ კულტურას და საფუძვლიანად შეისწავლა კლასიკური პოლიფონიური ტექნიკა. მოსკოვში ყოფნისას მან ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და გამართა ქართული ხალხური მუსიკის მრავალი საღამო.
მისი აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა ,,ქართული ფილარმონიული საზოგადოება“. ზაქარია ასევე მიიწვიეს „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველ საზოგადოებაში“, სადაც თავად დირიჟორობდა ქართულად თარგმნილ ევროპულ ოპერებს. 1910 წელს მან ყველაზე ცნობილ ქართულ ოპერა - „აბესალომ და ეთერზე“ დაიწყო მუშაობა, რომელიც პეტრე მირიანაშვილის ლიბრეტოს მიხედვით შეადგინა. ოპერის ნაწყვეტები პირველად 1913 წელს შესრულდა და იმთავითვე გამოიწვია ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი. 1919 წლის 21 თებერვალს, ავტორისავე დირიჟორობით შედგა ოპერის პრემიერა, რომელიც თითქმის 6 საათს გაგრძელდა. დადგმამ დაუჯერებელი ტრიუმფი მოიტანა. „აბესალომ და ეთერი“ ქართულ სცენაზე შესრულებული რიგით მესამე ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინესა“ და დიმიტრი არაყიშვილის - „თქმულება შოთა რუსთაველზე“-ს შემდეგ, თუმცა სრულყოფილებითა და გამორჩეული მუსიკალური ენით სწორედ „აბესალომ და ეთერი“ იწყებს ეროვნული კლასიკური ოპერის ისტორიას. 1917 წელს საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი – თბილისის კონსერვატორია გაიხსნა და მალე დირექტორის მოვალეობის შესრულება ზაქარია ფალიაშვილს დაეკისრა. ეროვნული მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი საგანძურთაგანია ფალიაშვილის მეორე ოპერა - „დაისი“, რომელიც 1923 წელს დაიდგა. ორივე ოპერა, როგორც კერძოდ ავტორის შემოქმედებაში, ისე ზოგადად ქართული მუსიკის ისტორიაში დღემდე შექმნილ მუსიკალურ თხზულებათა შორისაც გამორჩეულ ადგილს იკავებს თავისი სრულყოფილებით. შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელებაში მას ხელი მოულოდნელად აღმოჩენილმა მძიმე დაავადებამ შეუშალა. 1932 წელს მას ღვიძლის კიბო დაუდგინეს. მალევე ლოგინად ჩავარდნილი 1933 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. ზაქარია ფალიაშვილი დაკრძალულია მისივე სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში