ზურაბ ანჯაფარიძე დაიბადა 1928 წლის 12 აპრილს, ქ. ქუთაისში. 1947 წელს ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური მუსიკალური სკოლა დაამთავრა. 1947 – 1952 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა პროფესორ დავით ანდღულაძის კლასში. 1952 წელს კონსერვატორიის დამთავრებისთანავე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში სოლისტად ჩაირიცხა. მისი დებიუტი იყო გურამის პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში “ლატავრა”. პირველად თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში მოამზადა და იმღერა, ხოლო შემდეგ 1953 წლის 3 მარტს ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა აბესალომის პარტია (ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი”). 1952 – 1958 წლებში ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე 23 საოპერო სახე შექმნა, 20 წამყვანი პარტია იმღერა: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”, “ლატავრა”), დონ ხოზე (ბიზეს “კარმენი”), გერმანე (ჩაიკოვსკის “პიკის ქალი”), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის “ტოსკა”) და სხვა. 1959 წლიდან იგი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ხდება. ზურაბ ანჯაფარიძემ პირველმა შეასრულა დონ კარლოსის პარტია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა მას შემდეგ, რაც 1916 წელს წარმოდგენილიქნა თეოდორ შალიაპინის ინიციატივით. დიდი თეატრის სცენაზე დადგმა განახორციელეს რეჟისორმა იოსებ თუმანიშვილმა და დირიჟორმა ოდისეი დიმიტრიადიმ.
1964 წლის ბოლოს, პირველად საოპერო ხელოვნების ისტორიაში, მოხდა მსოფლიოს საუკეთესო თეატრების: მოსკოვის დიდ თეატრსა და მილანის “ლა სკალას” შორის გასტროლების გაცვლა, რომელშიც, როგორც დიდი თეატრის სოლისტი, ზურაბ ანჯაფარიძეც მონაწილეობდა. იგი ასრულებდა გერმანის პარტიას პეტრე ჩაიკოვსკის “პიკის ქალში”. მის შესრულებას სპეციალისტებმა უმაღლესი შეფასება არგუნეს. 1970 წლიდან ზურაბ ანჯაფარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დაუბრუნდა. ქართველი კომპოზიტორები საკუთარ ღირსებად მიიჩნევდნენ, რომ ზურაბ ანჯაფარიძე ყოფილიყო მათი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი. ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია” მისთვის და მასთან კავშირში იქმნებოდა. 1971 – 1980 წლებში ინტენსიურად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ძველ რეპერტუართან ერთად ქმნის ახალ დადგმებში ახალ სახეებს. ზურაბ ანჯაფარიძე წარმატებით მღეროდა არამარტო საოპერო სცენაზე. ის საუცხოო კამერული მომღერალიც იყო. მის რეპერტუარს ამშვენებდა ქართული რომანსები, ქართული ხალხური სიმღერები, ქართველ კომპოზიტორთა კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო პროგრამაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ფრანც შუბერტის, რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის, პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, ნიკოლოზ რიმსკი – კორსაკოვის რომანსებს. ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული სიმღერა “შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო” დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ ემბლემად იქცა. აღსანიშნავია ზურაბ ანჯაფარიძის რეჟისორული მოღვაწეობაც. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ფალიაშვილის “დაისი”. არაერთი ქართული ოპერა დადგა ქუთაისის ოპერის თეატრში.