გამოჩენილი ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი და მომღერალი ჯანსუღ კახიძე 1935 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1954 წელს მან დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლა, პარალელურად კი ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლაში (საფორტეპიანო განყოფილება) სწავლობდა. 1958 წელს დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, ხოლო 1963 წელს კი ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის სპეციალობით პროფ. ო.დიმიტრიადის კლასში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მან გაიარა სტაჟირება მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორ იგორ მარკევიჩთან. ჯ.კახიძის შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში. 1957 წელს მან, პირველად საქართველოში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი “შვიდკაცა”, რომელიც იმავე წელს გახდა მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე, საიდანაც ასევე ოქროს მედლებით დაჯილდოვებული დაბრუნდა.
ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრში. გასული საუკუნის 60_90 -იანი წლები სამართლიანად არის მიჩნეული ქართული კინოს აღმავლობის ხანად. თითქმის არ არსებობს ამ წლების განმავლობაში საქართველოში გადაღებული ფილმი, რომლის მუსიკის ჩაწერასაც არ უდირიჟორა ჯანსუღ კახიძემ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ უკვე 50-იანი წლებიდან იგი ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობას. ჯანსუღ კახიძე თავის თავს უპირველეს ყოვლისა დირიჟორად თვლიდა. როგორც თვითონ ხშრად ამბობდა მუსიკის წერა მისთვის „ჰობი“ იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, რომ სიმღერას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მან დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც მრავალმხრივი მუსიკოსის ჩამოყალიბების პროცესზე. მისი სიმღერები არა მარტო საქართველოშია აღიარებული - ცნობილმა მუსიკოსმა, ჯაზ საქსოფონისტმა იან გარბარეკმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ჰანგი - „მთაწმინდის მთვარე“ შეიტანა თავის ჩანაწერების ალბომში „ ღიტეს” და აღფრთოვანებას გამოთქვამდა ჯანსუღის სიმღერით. ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრს და მის მიმდებარე ბაღს მისი სახელი ეწოდა. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს მუსიკალურმა საზოგადოებამ მიანიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.