2019-06-16
16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური
პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება. ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა. 1998 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი Behind the Front გამოიცა, რომელსაც 2 წლის შემდეგ Bridging the Gap მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ჩანაწერებით კრიტიკოსების ქება
დაიმსახურეს, საერთაშორისო წარმატების მომტანი მაინც 2003 წელს გავრცელებული Elephunk გახდა, რომელშიც Black Eyed Peas-ის ისეთი ჰიტები შევიდა, როგორებიცა „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let's Get It Started”. ამ უკანასკნელმა ბენდს პირველი გრემის ჯილდო მოუტანა ნომინაციაში „საუკეთესო რეპშესრულება“. ეს Black Eyed Peas-ის პირველი ალბომი იყო, რომელიც Fergie-სთან თანამშრომლობით ჩაიწერა. Elephunk-ის წარმატება შემდეგმა ალბომმა, Monkey Business-მაც გაიზიარა, რომლის
სიმღერებმაც ჯგუფს 4 „გრემი“ მოუტანა. “Pump It”, “Don't Phunk with My Heart”, “My Humps”, “Don't Lie”და ალბომის სხვა ნამუშევრების წარმატებამ Black Eyed Peas მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალ საფეხურზე აიყვანა, სადაც დღემდე წარმატებით რჩება. Black Eyed Peas-ის მსმენელი მუსიკალური ექსპერიმენტებით მუდმივად განებივრებული იყო, თუმცა 2009 წელს გამოსულმა ალბომმა The E.N.D. კიდევ ერთხელ გამოკვეთა,- ჯგუფი თავის მუსიკალურ სივრცეს უფრო მეტად აფართოვებდა. “Boom Boom Pow", "I Gotta Feeling", "Imma Be" - ეს ალბომში შესული იმ კომპოზიციების არასრული ჩამონათვალია, სადაც ელექტრონული ჟღერადობა დიდი ხარისხით იგრძნობოდა. 11 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით და „გრემის“ 6 ნომინაციით The E.N.D არა მხოლოდ Black Eyed Peas-ის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა. ალბომის წარმატების გათვალისწინებით, მალევე გამოიცა მორიგი ჩანაწერი The Beginning, რის შემდეგაც ჯგუფმა სტუდიური პროექტებისგან რამდენიმე წლიანი პაუზა აიღო. სწორედ ამ პერიოდში ჯგუფის თითოეულმა წევრმა აქცენტი საკუთარი კარიერის განვითარებაზე გააკეთა, რაც წარმატებით გამოუვიდათ. Fergie-მ სოლოკარიერა განაახლა და სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობა დაიწყო, რის გამოც საბოლოოდ Black Eyed Peas-თან ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა. შესაბამისად, ჯგუფის უკანასკნელი ალბომი Masters of the Sun Vol. 1 მის გარეშე ჩაიწერა. ამ ალბომში Black Eyed Peas შეეცადა, The E.N.D და The Beginning-სგან განსხვავებული ნამუშევრები შეექმნა და მუსიკალურად საკუთარი კარიერის ადრეულ ოქროს წლებზე ფოკუსირდნენ, თუმცა ალბომისთვის მიძღვნილი ტურნე ჯგუფის როგორც ძველ, ასევე ახალ ჩანაწერებსაც მოიცავს და ფაქტობრივად, Black Eyed Peas-ის ყველა მნიშვნელოვან ჰიტს აერთიანებს.